ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია.
„ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე, რომ განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, თუმცა როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება, ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი. ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონია, რომ უზენაესი საბჭო ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში და ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, ასეთი დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ, 8 ოქტომბერში ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ამჯერად "ქართული ოცნების" მცდელობას ეხება, რომელსაც ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს.
ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციით კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, საქართველოში ვითარება ეტაპობრივად უარესდება, შედეგად მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა გრძელდება.
რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადების მცდელობას და ხაზს უსვამს, რომ ქმედითი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის საყრდენს წარმოადგენს და სასამართლო გზით ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება დემოკრატიასთან შეუთავსებელია.
























