მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტი რუსულ საწვავსა და გაზზე სრულ ემბარგოს ითხოვს

624ee4d50ae51
მარიამ ვარადაშვილი
07.04.22 17:23
2492
ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციით რუსეთისთვის სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებას ითხოვს. საუბარია რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტის სრულ ემბარგოზე. რეზოლუციას 513 ევროპარლამენტარი უჭერს მხარს, 22 წინააღმდეგი იყო, 19-მა კი თავი შეიკავა. 

ამას გარდა, ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ არსებული სანქციები სრულად და ეფექტიანად შესრულდეს როგორც ევროკავშირის, ასევე მისი საერთაშორისო მოკავშირეების მიერ. ისინი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ რუსეთის გაძევებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა UNHRC, ინტერპოლი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO); UNESCO და სხვა. “ეს იქნება მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება აგრესორ ქვეყანასთან საქმის კეთებას ჩვეულებრივად არ მიუბრუნდება”,-ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ რუსეთის მაღალჩინოსნებსა და პუტინის რეჟიმთან დაკავშირებულ ოლიგარქებს ყველა სახის აქტივი ჩამოერთვათ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. ჯერჯერობით ბოლო მე-5 პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რომლის ოდენობა წლიურად 4.3 მილიარდ დოლარს აღწევს. ამას გარდა, პაკეტი მოიცავს რუსეთის ოთხ ყველაზე მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB-ს, ყველა სახის ტრანზაქცია აუკრძალოს. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციას ევროკავშირმა სანქციებით უპასუხა. სანქციების პირველი პაკეტი რუსეთმა ომის დაწყებამდე, დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ კი მეორე პაკეტი დამტკიცდა. ამის შემდეგ ევროგაერთიანებამ სანქციების რამდენიმე პაკეტი კიდევ მიიღო. ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები