მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტის არჩევნებმა, შესაძლოა, ბაზრის რყევები გამოიწვიოს - ფრანცესკო ჩეკატო

barclays

ბრიტანული საბანკო-საფინანსო კომპანია Barclays-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფრანცესკო ჩეკატოს აზრით, ევროკავშირში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ბაზრის რყევას გამოიწვევს, თუმცა ეს უარყოფით მოვლენად არ აღიქმება.

საქმე ისაა, რომ მსოფლიოს 76 ქვეყანაში 2024 წელს არჩევნები იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 4 მილიარდი ამომრჩეველი - საარჩევნო პროცესში ჩაერთვება. Euronews-თან ინტერვიუში Barclays-ის CEO-მ ბიზნესგარემოზე საარჩევნო პროცესების გავლენა განიხილა და აღნიშნა, რომ რეალური ცვლილებები ჰორიზონტზე არ ჩანს.

“ჩემი გადმოსახედით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად, პოლიტიკური თუ ფისკალური ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჰორიზონტზე რეალური ცვლილებები არ მოჩანს. წინასწარ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ისინი გვეუბნებიან, რომ არსებობს შანსი, მცირედით მარჯვნივ გადაიხაროს ევროპარლამენტის კომპოზიცია, რის გამოც პოლიტიკური და ფისკალური ინტეგრაცია კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა.

ამავე დროს, არჩევნებმა შესაძლოა, პერიოდულად ბაზრის რყევები გამოიწვიოს - ეს ყოველთვის უარყოფითი მოვლენა არ არის. როგორც წესი, ბაზრის რყევებს შემაშფოთებელ მოვლენად ვხედავთ, მაგრამ ყველა ბიზნესი ერთ გარემოში ვერ ვითარდება. ჩვენი საბაზრო ბიზნესები სწორედ ამ რყევებით ცოცხლობს. შესაბამისად, თუ ჩვენი ბაზრები სწორად ვითარდება, ეს გვაძლევს საშუალებას, სხვა ბიზნესის ზრდას შევუწყოთ ხელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევნების გავლენა ნეიტრალური, ან პოტენციურად პოზიტიური იქნება”, - აღნიშნა ფრანცესკო ჩეკატომ.

ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისსაა ჩანიშნული. ბლოკის წევრი 27 სახელმწიფოს მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტში 720 დეპუტატს აირჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები