მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების განხილვა განაახლა

EU US

ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტმა მხარი დაუჭირა გასულ წელს აშშ-თან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების საკანონმდებლო პროცესის გაგრძელებას. აღნიშნული პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. მიზეზი კი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან გაჟღერებული მუქარა გახდა.

შეგახსენებთ, გრენლანდიის საკითხზე დაპირისპირების ფონზე, ტრამპი ევროპულ სახელმწიფოებს ახალი ტარიფებითა და იმპორტზე დამატებითი გადასახადებით დაემუქრა. საპასუხოდ კი ევროპარლამენტმა სავაჭრო შეთანხმების დამტკიცება შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს ხმათა უმრავლესობით, 29 ცხრის წინააღმდეგ, დაუჭირეს მხარი.

ცნობისთვის, დოკუმენტი, რომელიც ახლა უკვე ევროპარლამენტს გაეგზავნება, ითვალისწინებს ევროკავშირის მხრიდან ამერიკულ სამრეწველო საქონელზე იმპორტის გადასახადების გაუქმებას და აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ბაზრის გახსნას. ბევრი ევროპელი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ გარიგება ცალმხრივია, რადგან ევროკავშირს გადასახადების სრული გაუქმება უწევს, მაშინ როცა აშშ 15%-იან საიმპორტო განაკვეთს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, დოკუმენტში გაჩნდა სპეციალური დათქმა, რომელიც ევროპული ტარიფების შემცირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ ვაშინგტონი შეთანხმების თავის ნაწილს სრულად შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები