მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ეუ

444 მომხრე, 72 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის საუბარია ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე.

დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ერთობლივად წარადგინა ევროპარლამენტის ხუთმა ძირითადმა ჯგუფმა - ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, ლიბერალებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა. ევროკომისია, რომლის განახლებული შემადგენლობაც დღეს დამტკიცდა, მხოლოდ ამ ჯგუფების წარმომადგენლებისგან შედგება.

დოკუმენტი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას გადაეგზავნება.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ დარღვევასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი;ასევე, გავრცელდეს პერსონალური სანქციები პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელის გამომტან მოსამართლეებზე;

"მოვუწოდებთ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან;

მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ HRVP-ს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა;

მოვუწოდებთ კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ;

მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას ამის შესახებ", - წერია რეზოლუციაში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები