დღეს, 26 ნოემბერს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ 71 წლის პაატა ბურჭულაძეს, გამოჩენილ საოპერო მომღერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართულ და ევროპულ კულტურაში, თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, მათ შორის - 2025 წლის 4 ოქტომბრის დემონსტრაციების კვალდაკვალ, სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდებისთვის.
სხვა რეზოლუციების მსგავსად, აქაც მეორდება იმ პირთა (მათ შორის - ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის) სანქცირების მოწოდება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე.
რეზოლუციაში ხაზგასმულია შეშფოთება სასამართლო პროცესის სამართლიანობის, სასჯელის პროპორციულობისა და პატიმრობის პირობების გამო, რაც გულისხმობს ხანგრძლივ იზოლაციას, გარე სამყაროსთან მკვეთრად შეზღუდულ კონტაქტსა და არასაკმარის სამედიცინო ყურადღებას.
რეზოლუციით ევროპარლამენტი მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის დაკავებას და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ უპირობო გათავისუფლებას ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმართან და უკანონოდ დაკავებულ პირთან ერთად.
ევროპარლამენტი:
- მოუწოდებს საქართველოს "თვითდანიშნულ ხელისუფლებას", სრულად დაიცვას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტები, უზრუნველყოს ბურჭულაძისთვის სათანადო სამედიცინო და იურიდიული დახმარება, ოჯახთან რეგულარული კონტაქტი, ასევე შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა;
- მოითხოვს ძალის გადამეტებული გამოყენების, დაშინებისა და მომიტინგეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას;
- კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის;
- სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისროს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს. მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება და კვლავ იმეორებს მოწოდებას მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესების შესახებ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
























