მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტთან სომხური ანბანის ძეგლი გაიხსნა

სომხური ანბანი

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას მონაწილეობით, სომხური ანბანის ძეგლი გაიხსნა. ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

გამოცემა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სკულპტურა სახელწოდებით „ფუძედამწერლობა – დიალოგის ძალა“ სომხეთის რესპუბლიკამ ევროპარლამენტის მხრიდან მუდმივი და უპირობო მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად დადგა და ის სომხური ანბანის ასოებისგან შედგება.

ძეგლის გახსნისას, რობერტა მეცოლამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დიალოგი დემოკრატიის ქვაკუთხედია, ის გვაერთიანებს და წინ მიგვიძღვის.

„საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის ევროპარლამენტის არსი — ერთმანეთთან, მოქალაქეებთან და გარე სამყაროსთან დიალოგის შენება. ამ მშვენიერი ნამუშევრის — სომხური ანბანის ძეგლის მეშვეობით კი სომხური ენა იმყარებს თავის ადგილს იმ მდიდარ და მრავალფეროვან დიალოგში, რომელსაც ევროპა ჰქვია“, — განაცხადა რობერტა მეცოლამ და სომეხი პოეტი ქალის, სილვა კაპუტიკიანის შემოქმედებიდან ციტატა წაიკითხა: „ამაოების მორევში საითაც არ უნდა წაგიყვანოს გზამ, დედაც რომ დაივიწყო, მშობლიური ენა არ დაივიწყო“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხური ანბანი ჯერ კიდევ V საუკუნეში შეიქმნა და ის სომხური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.

„სიმბოლურია, რომ ეს ძეგლი ხაზს გაუსვამს მნიშვნელოვან კავშირს სომხურ და ევროპულ იდენტობას შორის. მიმაჩნია, რომ მეტყველება, ცოდნა, ტექსტი — დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძლიერესი სიმბოლოა, რადგან შეუძლებელია გქონდეს დემოკრატია ტექსტის, კომუნიკაციის, დამწერლობის, გამოსვლების, სიტყვისა და კანონების გარეშე“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები