„ევროპაში ერთი ნაბიჯით სხვა ქვეყანაში გადადიხარ, ეს ქმნის ერთიან ტურისტულ სივრცეს და ვფიქრობ, მსგავსი მოდელის განვითარება ჩვენი რეგიონისთვისაც რეალური პოტენციალია“ - ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყნის პოზიციონირება რეგიონის ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვანია, თუმცა, ის ყურადღებას ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზეც ამახვილებს.
"ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოზიციონირება, ვის ვეპატიჟებით და რას ვთავაზობთ. ახალი პროდუქტი ნიშნავს ახალი კურორტების განვითარებას. დღეს უკვე მოთხოვნადია ეკომეგობრული, „მწვანე“ შენობები, განსაკუთრებით „ლაქშერი“ სეგმენტში. ეს ტენდენცია აუცილებლად ჩამოაღწევს საქართველოშიც, ამიტომ დროულად უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით.
ინფრასტრუქტურა გადამწყვეტია: თუ სტუმარი საათობით მოგზაურობს რეგიონებში, გზად უნდა ხვდებოდეს მოწესრიგებული საპირფარეშოები, კვების ობიექტები და სერვისები. სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი მუშაობა, ახალი სტრატეგიები და ეფექტიანი მარკეტინგი აუცილებელია სწორ ბაზრებზე გასასვლელად", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
მან ხაზი გაუსვა ბრენდების როლსაც და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს ქვეყნის აღქმადობას.
"ბრენდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებაში — ის ქმნის ნდობას და აღქმადობას. სხვადასხვა ტიპის მოგზაურისთვის არსებობს შესაბამისი ბრენდები. თუმცა ლოკალურ ბრენდებსაც აქვთ განვითარების დიდი პოტენციალი. შეიძლება ლოკალური ბრენდით დაიწყო და შემდეგ დიდი საერთაშორისო ქსელის ქოლგის ქვეშ გაერთიანდე. საბოლოოდ, გადამწყვეტია მენეჯმენტი, სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად სწორად დაინახავს და გამოიყენებს შესაძლებლობებს.
რაც შეეხება სერვისს, ყველა სტუმარს უნდა დახვდეს მაღალი ხარისხის მომსახურება, მიუხედავად სეზონისა და მისი კატეგორიისა. ამ ეტაპზე შეიძლება არსებობდეს განცდა, რომ ზოგიერთ სტუმარს მაღალი სერვისი არ სჭირდება, რაც პერსონალის მოდუნებას იწვევს. მაგრამ სწორედ ამ დროს შეიძლება დავკარგოთ მაღალი კლასის სტუმარი, რომელიც ხარისხს აფასებს და ნეგატიურ შეფასებას ტოვებს.
სტუმარმასპინძლობა ყოველდღიური, უწყვეტი პროცესია. სერვისი უნდა იყოს სტაბილურად მაღალი — დაბალ სეზონზეც და მაღალ სეზონზეც. მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა პირდაპირ დამოკიდებულია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე მომსახურების ხარისხზე.“ - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.




























