ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასების შემცირების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება 77 ევროს შეადგენს, რაც რუსეთ-უკრაინის ომამდე დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებლის ტოლფასია.
ევროპული გაზის ბენჩმარკის გარდა, მკვეთრადაა შემცირებული ბრიტანული ბუნებრივი აირის ფასიც, კერძოდ, ერთთვიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 45%-ს აღწევს.
ბოლო პერიოდში გაზის გაიაფება პირდაპირ კავშირშია ევროპის მასშტაბით ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებასთან, როგორც ჩანს, მიმდინარე ზამთარი მოსალოდნელზე უფრო ნაკლებად ცივი იქნება, რაც გაზზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.
ხოლო რაც შეეხება ერთკვირიან ჭრილში დაფიქსირებულ ვარდნის ტენდენციას, ის საახალწლო არდადეგებთანაა დაკავშირებული, როგორც წესი, ამ პერიოდში ბირჟაზე ტრეიდინგ აქტივობა მკვეთრად იკლებს, საქონლის ვოლატილობა მცირდება, ფასები კი ძირითადი საბაზრო ტენდენციის შესაბამისად სტაბილურდება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვები თითქმის სრულადაა შევსებული, რაც ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. საფრანგეთისა და ბრიტანეთის სტრატეგიული მარაგები სრულადაა შევსებული, გერმანიის - 97%-ით, ხოლო ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი ამჟამად 93%-იან ნიშნულზეა.