მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასები გაიზარდა, გაზი - გაიაფდა | ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

63ce6d161edf2
გიორგი თოლორდავა
23.01.23 15:56
772
მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენციით დაიწყო - ნავთობის ფასი დამატებით 1%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ფასი ამჟამად 88 დოლარს შეადგენს; WTI Crude-ის ღირებულება კი 82 დოლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ღირებულება 3%-ით გაიზარდა და ამჟამად 59 დოლარს შეადგენს, რაც G7-ის მიერ 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის დაწესების შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ნავთობის ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩინეთის მასშტაბით კოვიდრეგულაციების შემსუბუქებასთან და აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან. როგორც ირკვევა, აშშ-ში წლიური ინფლაციის დონე 6.5%-იან ნიშნულამდე შემცირდა. ინფლაციის შენელება ფედერალურ რეზერვს, სავარაუდოდ, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ უბიძგებს, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ, რადგან ის ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენას და საწვავზე მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას.

ნავთობის გაძვირების მიუხედავად, ბუნებრივ აირთან მიმართებით საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, ევროპის მასშტაბით გაზის ღირებულება მკვეთრად მცირდება.

Dutch TTF-ის ფასი დამატებით 5%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება 63 ევროს შეადგენს, რაც ორწლიანი მინიმუმია.

ევროპული გაზის ბენჩმარკის გარდა, მკვეთრადაა შემცირებული ბრიტანული ბუნებრივი აირის ფასიც, კერძოდ, ერთთვიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 12%-ს აღწევს.

ბოლო პერიოდში გაზის გაიაფება პირდაპირ კავშირშია ევროპის მასშტაბით ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებასთან, როგორც ჩანს, მიმდინარე ზამთარი მოსალოდნელზე უფრო ნაკლებად ცივი იქნება, რაც გაზზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვები თითქმის სრულადაა შევსებული, რაც ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ევროპული სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი გერმანია თხევადი გაზზე ადაპტირდნენ, LNG-ის იმპორტის ზრდა კი ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები