საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს, რადგან ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკადა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, შექმნან საერთაშორისო საზღვაო კოალიცია სრუტის გასახსნელად და სავაჭრო გემების უსაფრთხოების დასაცავად, ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 106 დოლარს გადააჭარბა. ამ ზრდის განმაპირობებელი მიზეზი ის შიშია, რომ აშშ-ის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას ვეღარ აკონტროლებს და დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს.
ტრამპის განცხადებით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან: ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა და რეგიონში სამხედრო ხომალდები გააგზავნონ, რადგან სწორედ ისინი არიან სპარსეთის ყურის ნავთობის ძირითადი მომხმარებლები და არც უშუალოდ ამერიკა.
ამ ეტაპზე პრეზიდენტის ინიციატივას მოკავშირეების მხრიდან ფრთხილი რეაქცია მოჰყვა, ხოლო ქვეყნების ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ ხომალდების გაგზავნას არ გეგმავენ.
ბაზარზე დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს ინფორმაცია ირანის ხარგის კუნძულზე მდებარე ნავთობის ტერმინალზე განხორციელებული დარტყმების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის განმარტებით, სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდნენ, ინვესტორები შიშობენ, რომ კონფლიქტის ესკალაცია ნავთობის მიწოდებას კრიტიკულად შეამცირებს.
შექმნილი კრიზისის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წევრი ქვეყნები სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლებას გეგმავენ, რათა ბაზარზე დეფიციტი ნაწილობრივ მაინც შეივსოს. თუმცა ეს მოცულობა გლობალური მოთხოვნის ერთი კვირით დასაკმაყოფილებლადაც არ არის საკმარისი.
საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, ბირჟაზე ნავთობის ფასი 50%-ით არის გაზრდილი.
ბუნებრივ აირს რაც შეეხება, მისი გაძვირების მაჩვენებელი საშუალოდ 75%-ს აღწევს და მეგავატ/საათი ენერგიის ღირებულება ევროპაში 52 ევროს აღწევს.




























