საფრანგეთსა და ნიდერლანდებში სტრიმინგის უმსხვილესი პლატფორმა Netflix-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა - გამოძიება საგადასახადო თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ფრანგულ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ფაქტი სასამართლოს წარმომადგენელმა Euronews-ს დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა პარიზისა და ამსტერდამის ლოკაციებზე ჩატარდა.
"ვადასტურებ, რომ დღეს მიმდინარეობს ჩხრეკის სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის Netflix-ის პარიზის სათავო ოფისშიც. ეს იმ გამოძიების ნაწილია, რომელიც 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და შეეხება ფულის გათეთრების, საგადასახადო თაღლითობისა და არადეკლარირებული სამუშაოების საკითხებს", - განუცხადა Euronews-ს საფრანგეთის საფინანსო პროკურატურამ.
საფრანგეთში ჩხრეკა კორუფციისა და ფინანსური დარღვევების ცენტრალური ოფისის (OCLCIFF) მიერ განხორციელდა და მას პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამსტერდამში ჩატარებულ სამუშაოებს ასევე ესწრებოდნენ ფრანგი გამომძიებლებიც.
Euronews-ი მომხდართან დაკავშირებით Netflix-ს დაუკავშირდა, თუმცა კომპანიისგან პასუხი არ მიუღია.
რამდენიმე თვის წინ ფრანგულმა გაზეთმა La Lettre გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც Netflix-ის ფრანგული განშტოება "Netflix Services France SAS" 2022 წლიდან საგადასახადო აუდიტს ექვემდებარება - გამოსაძიებელია კომპანიის საგადასახადო პოლიტიკა 2019-21 წლებში. მედია იტყობინებოდა, რომ ხარჯების შესამცირებლად, Netflix-ი ნიდერლანდებში გადასახადებს ფრანგული ბრუნვის შესაბამისად იხდიდა.