სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი იმ ძირითად ინდიკატორებს ასახელებს, რომლებითაც მომხმარებლებმა, შესაძლოა, თაღლითური სქემები ამოიცნონ.
როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, ასეთებია სწრაფად გამდიდრების დაპირება. ასევე, ხშირია საქმიანობაში ახალი ადამიანების მოყვანის თხოვნა.
"საკმაოდ რთულია ამ ინფორმაციის მოპოვება, იმიტომ რომ ამ თაღლითობების არანაირი საერთო სია ან რეესტრი არ არსებობს. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მომხმარებლებისგან ვიღებთ ან სოციალურ ქსელებში ვნახულობთ. თუმცა მსგავსი ტიპის თაღლითობებს ბევრი ერთნაირი დამახასიათებელი ნიშანი აქვს და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე მათ შორის ცალკე სექცია გვაქვს, სადაც გაფრთხილებებია.
პერიოდულად გაფრთხილებებს ვავრცელებთ ხოლმე მომხმარებლებში, იმიტომ რომ ასეთი ტიპის სქემები პერიოდულად აქტიურდება. მთავარი მახასიათებელი, რაც მსგავსი ტიპის თაღლითურ სქემებს აქვთ არის ის, რომ მომხმარებლებს დროის მოკლე მონაკვეთში საკმაოდ მაღალი სარგებლის მიღებას ჰპირდებიან. ანუ მთავარი ინდიკატორი ის არის ყოველთვის, რომ როდესაც ადამიანს ჰპირდებიან ძალიან სწრაფად გამდიდრებას, ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, რომ შესაძლოა რაღაც არ იყოს წესრიგში. კიდევ ერთხელ, ანუ ეს არის დროის მოკლე მონაკვეთში მაღალი სარგებლის მიღება ან ისეთი საპროცენტო განაკვეთის მიღება, რომელიც საბაზრო განაკვეთებს ბევრად აღემატება და პლუს ხშირად არის ხოლმე, როდესაც საქმიანობაში დამატებით სარგებლის მიღების მიზნით დამატებითი ადამიანების ჩართვას სთხოვენ, ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია. ბუნებრივია, რომ ეს სქემები პერიოდულად იცვლება, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად. თქვენც გემახსოვრებათ ალბათ, რამდენიმე წლის წინ იყო, რომ ასეთ სქემებში ახალი ადამიანების ჩართვას ითხოვდნენ, პლუს ითხოვდნენ გარკვეული საქონლის ან მომსახურების გაყიდვას, ერთ-ერთი სქემით სირბილს გვთხოვდნენ. ახლა იფუთება იმით, რომ თითქოს თქვენ მიერ შეტანილი თანხით ხდება კრიპტოაქტივებში დაბანდება ან კრიპტოაქტივებით ვაჭრობა. ეს ყველაფერი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც უფრო თანამედროვეს ხდის თითქოს და უფრო ლამაზად ფუთავს მომხმარებლისთვის, მაგრამ მთავარი ორი ინდიკატორი არის ზუსტად ის, რომ ერთი, როდესაც გპირდებიან სწრაფად გამდიდრებას, არაადეკვატურ უკუგებას, რომელიც ბაზარზე არ მოიძებნება, სწრაფ შემოსავალს, ისეთს, რომელსაც ნორმალურ პირობებში ჩვეულებრივი ბიზნესი ვერ დააგენერირებს და მეორე ყოველთვის ყველა სქემას არა აქვს, მაგრამ ხშირად, როდესაც საქმიანობაში ახალი ადამიანების მოყვანას გთხოვენ, რადგან ზუსტად ის მაღალი დაპირებული შემოსავალი ხშირად ფინანსდება ახალი მიყვანილი ადამიანების მიერ შეტანილი თანხებით და არა კონკრეტულად ბიზნეს საქმიანობაში ჩადებული ფულიდან მიღებული შემოსავლით.
არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის, რომ ამ კომპანიას გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან ნებართვა შესაბამისი მარეგულირებლისგან. მე შეგახსენებთ, რომ ვირტუალური აქტივებით ვაჭრობის სფერო საქართველოში რეგულირდება, ასეთი ტიპის კომპანიები ვალდებული არიან რეგისტრაცია გაიარონ საქართველოს ეროვნულ ბანკში და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ლიცენზირებული და რეგისტრირებული კომპანიების ჩამონათვალი და ეს არ ეხება მხოლოდ კრიპტოაქტივებით ვაჭრობას, ნებისმიერი საფინანსო მომსახურება, მათ შორის სესხის გაცემა ან თანხების მოზიდვა, თუკი ამას ახორციელებს კომპანია, ის აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ბანკში და ესეც არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რამდენად რეპუტაბელური კომპანიაა", - განმარტავს ლაშა გზირიშვილი.
























