მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა 60+ ასაკის მოქალაქეების რისკიან საბარათე ოპერაციებზე რეგულაციები|სებ-ის განმარტება

ლაშა გზირიშვილი

სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც 60+ ასაკის მოქალაქეებისთვის 500 ლარზე მეტი რისკიანი საბარათე ოპერაციებზე რეგულაციის შემოღება განაპირობა.

საქმე ისაა, რომ დღეიდან, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) შემდეგ ოთხ გარემოებას ერთდროულად გამოავლენს: გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის საქმიანობასთან; გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება; ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და მომხმარებლის ასაკი აღემატება 60 წელს, ვალდებულია 48 საათით შეაჩეროს მოპერაციის შესრულება, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მარტივი და გასაგები ფორმით მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რისკების ან შესაძლო თაღლითობის შესახებ. თუ მომხმარებელი ოპერაციის შესრულებას კვლავ გადაწყვეტს, მისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ოპერაცია ინიცირებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ შესრულდება.

ლაშა გზირიშვილი ყურადღებას რამდენიმე მიზეზზე, მათ შორის თაღლითობის შემთხვევების სიხშირეზე ამახვილებს.

"არ არის საუბარი იმაზე, რომ 60 წელს ზევით ადამიანები ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას. უბრალოდ არსებობს ასე ვთქვათ სისტემური მიდგომა და სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ტექნოლოგიური, სოციალური რისკ-ფაქტორების თანხვედრა ყველაზე მაღალი სტატისტიკურად არის სწორედ ამ ასაკის და ზევით მომხმარებელში, მოწყვლადობაზეა საუბარი. ბევრი ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა, მათ შორის მაგალითად ფინანსური განათლების დაბალი დონე, რომელიც მარტო ამ ასაკში კი არა, ახალგაზრდებშიც პრობლემაა და ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია და ამ კუთხითაც ეროვნული ბანკი მუშაობს, რომ ფინანსური განათლების დონემ აიწიოს. პლუს ტექნოლოგიურ განვითარებას ხშირად ადამიანები ფეხს ვერ უწყობენ, თვითონ პროდუქტებიც კომპლექსური ხდება და ელემენტარულად თუნდაც მაგალითად პრეტენზიების სტატისტიკაც გვაჩვენებს, რომ ძალიან ხშირია თაღლითობები და სხვადასხვა სქემები. მათ შორის ერთ-ერთი წინაპირობა ესეც იყო. ამ წესებზე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან. ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო, რომ ზოგადად გახშირებული მოგვეჩვენა თაღლითობების შემთხვევები. ეროვნულ ბანკში გვაქვს ცხელი ხაზი და ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს მომხმარებლებთან და მათგან ვიღებთ ინფორმაციას. ფინანსური მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ჩვენ ყოველთვიურად გვაწვდიან პრეტენზიების შესახებ სტატისტიკას და ვუყურებთ შინაარსობრივად. როგორც კი ჩნდება ინდიკატორი, რომ რაღაც ტიპის ოპერაციები შეიძლება იყოს სარისკო და მომხმარებლებს რაღაც კუთხით გარკვეული საფრთხე ემუქრებათ, ჩვენ მყისიერ რეაგირებას ვახდენთ ხოლმე. რამდენი რეგულაციაც არ უნდა შემოვიღოთ, მაინც კლიენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ანუ ეს წესები მათ შორის არ უზრუნველყოფს 100%-ით მომხმარებლების დაცვას, თუმცა ის ძირითადი მომენტები, რასაც იყენებენ ხოლმე თაღლითები, მომხმარებლის მოტყუებას და სარისკო ოპერაციების განხორციელებას, ამას გარკვეულწილად შეამცირებს ჩვენი მოსაზრებით და პლუს მომხმარებელს ექნება ვადა, კარგად მოიფიქროს ოპერაციის შესრულება რამდენად ურისკოა მისთვის და რამდენად სურს, რომ განახორციელოს",- აღნიშნავს ლაშა გზირიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები