საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე ამბობს, რომ S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას.
მისი თქმით, სააგენტოს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას.
„ანგარიშში დადებითადაა მოხსენიებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, რამაც სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა მისი მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი განცხადებით, Standard & Poor’s-მა ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოში საგარეო შემოდინებების გაუმჯობესებას, რასაც მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაცია, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა განაპირობებს. ამასთან გრძელდება დედოლარიზაციის ტენდენცია. სწორედ ამ ფაქტორებმა მისცა საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვების შესაძლებლობა.
ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სააგენტო დადებითად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით.
„სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რათა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა უზრუნველყოს. მათივე პროგნოზით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.1 პროცენტი იქნება, რაც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე ცენტრალურ სცენართან“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს საფინანსო სექტორიც. ნათქვამია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი ლიკვიდობით, ძლიერი კაპიტალიზაციითა და მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი გააუმჯობესა



























