კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ComCom-ის დაკვეთით ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ - Strategy Analytics-მა საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითი ანალიზი, ე.წ. „ბენჩმარკინგის“ კვლევა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში არსებული ტელეკომ მომსახურებების ფასები ევროპის 23 ქვეყნის ანალოგიური მომსახურების საშუალო ფასებს შედარდა.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55% - 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს - 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით კრიტიკულად მაღალია.
რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 189%-ით მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი, სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის.
"კომბინირებული შეთავაზებების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, ოპერატორების მიერ შეთავაზებული სააქციო ფასები განაპირობებს. უფრო კონკრეტულად, კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტ პაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია.
კვლევა საერთაშორისოდ აღიარებული და აპრობირებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ არის შემუშავებული. სწორედ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად, გამოყენებულია ორი მსხვილი ოპერატორის - “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მომსახურებების ფასები, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს. კვლევაში გამოყენებული მონაცემები კი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში არსებული შეთავაზებებიდან, ყველაზე დაბალ ფასიანს ასახავს. ფასები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამისად არის დაანგარიშებული და წარმოდგენილია დოლარში.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და 13 ივნისს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, რათა ქართველმა მომხმარებლებმა, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებით სარგებლობა ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.