ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის (Speedtest by Ookla Global Index) თანახმად, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუარესდა და ფიქსირებული ინტერნეტის 26.60 მბ/წმ სიჩქარით 178 ქვეყნიდან 129-ე ადგილი დაიკავა - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსის თანახმად, 2023 წლის ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტზე ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 90.93 მბ/წმ, თითქმის 100 მბ/წმ-ია, რაც საქართველოში 26.60 მბ წამს შეადგენს.
კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ეს ფიქსირებული ინტერნეტის მაღალი ფასითაა გამოწვეული. რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე კვლევის მიხედვით 49.25 მბ/წმ-ია.
"საქართველოს ფიქსირებული დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის მიხედვით ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორებიცაა: ბოსნია და ჰერცოგოვინა - 28.03 მბ/წმ, ინდონეზია - 27.87 მბ/წმ, მაროკო - 27.59 მბ/წმ, ბუტანი - 26.75 მბ/წმ, ტაჯიკეთი 26.35 მბ/წმ, ლესოთო - 25.37 მბ/წმ, ბენინი - 23.18 მბ/წმ, დასავლეთ საჰარა - 22.96 მბ/წმ და ჯიბუტი - 22.64 მბ/წმ. რაც შეეხება რეგიონს, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით ჩამორჩება, როგორც რუსეთს (58 ადგილი - 85.15 მბ/წმ.), სომხეთს (96 ადგილი - 49.86 მბ/წმ), ისე თურქეთს (109 ადგილი - 39.78 მბ/წმ), და აზერბაიჯანს (115 ადგილი - 35.25 მბ/წმ).
კვლევის მიხედვით, ფიქსირებულ ინტერნეტზე მაღალი სიჩქარით პირველ სამეულში სინგაპური (270.62 მბ/წმ.), ჰონგ კონგი (266.63 მბ/წმ.) და მონაკო (264.97 მბ/წმ.) არიან, ხოლო მობილურ ინტერნეტზე ყველაზე მაღალი სიჩქარე გაერთიანებულ საემიროებს (303.21 მბ/წმ.), ყატარს (244.44 მბ/წმ) და კუვეიტს (183.83 მბ/წმ.) აქვთ.
რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 6 საფეხურით გაუმჯობესდა და 146 ქვეყნიდან 37.78 მბ/წამიანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით 66-ე ადგილი დაიკავა.
მობილური ინტერნეტის დაბალი სიჩქარის კუთხით, ისეთი ქვეყნების რიგებშია, როგორიცაა: ბოტსვანა 40.61 მბ/წმ, ისრაელი - 40.56 მბ/წმ, მავრიტანია - 40.19 მბ/წმ, ჩილე - 37.65 მბ/წმ, მაროკო - 37.56 მბ/წმ, თურქეთი - 36.10 მბ/წმ, უგანდა - 35.14 მბ/წმ, ყაზახეთი - 35.07 მბ/წმ, მოლდოვა 34.75 მბ/წმ სიჩქარით. მობილური ინტერნეტის სიჩქარით კი საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს (59 ადგილი, 43.80 მბ/წმ.) ჩამორჩება, ხოლო თურქეთს (69 ადგილი - 36.10 მბ/წმ), სომხეთს (92 ადგილი - 26.43 მბ/წმ.) და რუსეთს (99 ადგილი - 24.47 მბ/წმ.) უსწრებს,"- წერს კომუნიკაციების კომისია.