მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში პირველი ფილიალის გახსნაზე ვმუშაობთ - “ზარაფხანა”

 თორნიკე სამხარაძე

ქართული ისტორიით და კულტურით შტაგონებული ძვირფასი სამკაულის და სასუვენირო პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანია “ზარაფხანა” საზღვარგარეთ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, კომპანიას ორი ფილიალის გახსნა აქვს დაგეგმილი - ევროპაში და თბილისში.

“საწარმოო ბაზის გადაიარაღება დავასრულეთ და ახლა მთელი დატვირთვით ვმუშაობთ. აქტიურად ვმუშაობთ ევროპაში “ზარაფხანას” ფილიალის გახსნაზე და ვფიქრობთ, რომ შეიძლება თბილისში კიდევ ერთი ფილიალი დავამატოთ, მაგრამ პირველ რიგში, “ზარაფხანას” და საოქრომჭედლო საქმიანობის სახელის და ხარისხის გატანა ევროპაში გვსურს”, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში”.

BMG-ის გადაცემაში სტუმრობისას, “ზარაფხანას” აღმასრულებელმა დირექტორმა მომხმარებლის პრეფერენციებზე და ქართული კომპანიის ასორტიმენტზეც ისაუბრა. თორნიკე სამხარაძის თქმით, მომხმარებელს განსაკუთრებით უყვარს ქართული თემატიკის პროდუქცია, მაგრამ გაყიდვებით პირველ ადგილს, ტრადიციულად, ბრილიანტის სამკაული იკავებს.

“ჩვენი კომპანიის პროდუქციიდან, ბუნებრივია, ყველაზე პოპულარული - ოქროს სამკაულია. ჩვენი კოლექციები ძირითადად ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეფუძნება, მათ შორის გვაქვს ვანის გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების თანამედროვე ვერსიები, მცხეთის კოლექცია და ქართველი მონარქების სამოსის კოლექცია.

ეს მიმართულებები ძალიან პოპულარულია, მაგრამ პირველ ადგილს მაინც ბრილიანტის სამკაული იკავებს, რომელსაც ქართველ მომხმარებელში მუდმივად ლიდერის წოდებას ინარჩუნებს, რაც გასაგებია, რადგან ჩვენ, როგორც ჭეშმარიტად ევროპელ ხალხს ბრილიანტისკენ გვაქვს მიდრეკილება. თუმცა ბუნებრივი ქვებით შექმნილი ქართული თემატიკის სამკაული ყოველთვის განსაკუთრებით პოპულარულია.

უნიკალურ სასაჩუქრე სუვენირებს რაც შეეხება, ბოლო სამი წელია, სასუვენირო დანების კოლექცია და ჭადრაკის დაფები გვაქვს, რომლებიც ქართული ორნამენტებით და ელემენტებით არის შემკული. ეს პროდუქცია “ზარაფხანასთვის” საკმაოდ სახასიათო აღმოჩნდა და ბევრი ერთგული მომხმარებელი სწორედ ამ პროდუქციამ მოიყვანა, რის შემდეგაც ოქროს პროდუქციაზე გადავიდნენ და არა - პირიქით”, - განაცხადა “ზარაფხანას” აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები