მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპაში სათხილამურო ხარჯები თითქმის 35%-ით გაიზარდა - როგორ ცვლის გლობალური დათბობა ზამთრის ტურიზმს

ზამთრის სეზონი

მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე სათხილამურო კურორტებსა და ზამთრის სპორტზე კლიმატის ცვლილების გავლენაზე მიმოხილვას Euronews-ი აქვეყნებს. ოლიმპიადა წელს 6-22 თებერვალს გაიმართება, მანამდე კი იტალიური კურორტების დიდი ნაწილი, მედიის ცნობით, ხელოვნური თოვლითაა დაფარული.

ოლიმპიური თამაშების საფრთხე

იტალიის ბელუნოს პროვინციის კურორტებზეც კი, რომელიც ზამთრის სპორტის ცენტრადაა მიჩნეული, კლიმატის ცვლილება თოვლს იშვიათობად, მაღალ ტემპერატურას კი - ჩვეულებრივ მოვლენად აქცევს. პრობლემა მთელ ალპურ ზონას ეხება, რასაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც (IOC) აღიარებს.

კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტის მკვლევართა 2021 წლის კვლევის თანახმად, თუ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მკვეთრი ზომები არ გატარდება, 2050 წლისთვის ზამთრის თამაშების მასპინძლობას, 1924 წლიდან ჩატარებული 21 ადგილიდან, მხოლოდ ოთხი შეძლებს: ლეიკ-პლესიდი (აშშ), ლილეჰამერი და ოსლო (ნორვეგია) და საპორო (იაპონია).

ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, თუ 2050 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 4°C-ით მოიმატებს, ოლიმპიადის მასპინძლობას მხოლოდ საპორო შეძლებს, 2080 წლისთვის კი - ვერცერთი. პარიზის შეთანხმების დაცვის შემთხვევაშიც კი (მაქსიმუმ 2°C-ით დათბობა), 2050 წლისთვის თამაშების ჩატარებას მხოლოდ ცხრა "ოლიმპიური" ლოკაცია შეძლებს.

რომელი ქვეყნები ზარალდებიან ყველაზე მეტად?

ოლიმპიადა ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, მაგრამ ადგილობრივებისთვის ეს ყოველდღიური რეალობაა. ევროპის ზამთრის ტურიზმის სექტორის ბრუნვამ 2022 წელს დაახლოებით €180 მილიარდი შეადგინა.

ჟურნალ Nature Climate Change-ის 2023 წლის კვლევის მიხედვით, 2°C-ით დათბობის შემთხვევაში, ევროპის 2,234 სათხილამურო კურორტის 53%-ს უთოვლობის "ძალიან მაღალი რისკი" ემუქრება. საფრანგეთის ალპებში კურორტების მესამედი, ხოლო პირენეებში - 89% "განწირულია". 4°C-ით დათბობის შემთხვევაში კი ევროპული კურორტების 98% ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას.

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (Inrae) მკვლევარი ფრანსუა იუგი განმარტავს, რომ შედარებით ხელსაყრელ მდგომარეობაშია შიდა ალპები (საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია), მაშინ როცა პირენეების, იბერიის ნახევარკუნძულისა და იტალიის აპენინების მთები კრიზისულ ზღვარზეა.

ხელოვნური თოვლი: ძვირი და სარისკო გამოსავალი

ბევრი კურორტი პრობლემის მოგვარებას ხელოვნური თოვლით ცდილობს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი და ძვირად ღირებული დამხმარე საშუალებაა. AGI-ს მონაცემებით, ერთი კილომეტრი სიგრძის ტრასის გათოვლიანება 30-40 ათასი ევრო ჯდება. გარდა ფინანსებისა, პრობლემაა წყლის რესურსების ხარჯვაც - ერთი ჰექტარი ტრასის გათოვლიანებას, სულ მცირე, ერთი მილიონი ლიტრი წყალი სჭირდება.

გარდა ამისა, თოვლის ზარბაზნების მუშაობა დიდ ელექტროენერგიას მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, ევროპის ყველა ალპური კურორტის ხელოვნური თოვლით მოსამარაგებლად დაახლოებით 600 გიგავატი/საათი ენერგიაა საჭირო, რაც 130,000 ოჯახის წლიურ მოხმარებას უდრის.

გაძვირებული აბონემენტები და "სპორტი მდიდრებისთვის"

ხარჯების ზრდა პირდაპირ აისახება მოთხილამურეებზე. 2015 წლიდან ევროპაში სათხილამურო ხარჯები საშუალოდ 34.8%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციის მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება.

ლოზანის უნივერსიტეტის ლექტორი, კრისტოფ კლივაზი აღნიშნავს: "თხილამურებით სრიალი მდიდრების სპორტად იქცევა. ის უკვე ასეთია, მაგრამ ტრასების მოვლის ხარჯების ზრდასთან ერთად, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება".

სამომხმარებლო ასოციაცია Assoutenti-ს მონაცემებით, "დოლომიტი სუპერსკის" (Dolomiti Superski) დღიური აბონემენტის ფასი დღეს 86 ევროს აღწევს (2021 წელს 67 ევრო ღირდა). იტალიურ ლივინიოში ფასი 38%-ით გაიზარდა და 72 ევროს მიაღწია.

ფრანსუა იუგის პროგნოზით, გადარჩენილი კურორტები შეძლებული ტურისტების მოზიდვას შეეცდებიან, რაც ეკონომიკურად მოგებიანი იქნება, თუმცა გაზრდის ტურისტულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ ემისიებს და კლიმატურ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები