საქართველოში ტურისტული სეგმენტი შეიცვალა. როგორც კახეთში მდებარე განთავსების ობიექტი Nekresi Estate-ის დამფუძნებელი ოთო ტაბატაძე BM.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს, ბოლო წლებში ევროპელი ვიზიტორების წილი შემცირდა და ბიზნესი უფრო მეტად ადგილობრივ მომხმარებელზე გადაერთო.
მისი თქმით, ცვლილება განსაკუთრებით იმ ობიექტებზე აისახა, რომლებიც ღვინის, ადგილობრივი სამზარეულოსა და ავთენტური გარემოს შეთავაზებაზე არიან ორიენტირებული. ის აღნიშნავს, რომ „ნეკრესის მამულის“ შემთხვევაში ადგილობრივი მომხმარებლის გააქტიურებამ ქორწილებისა და საქორწილო ღონისძიებების მიმართულების ზრდაც გამოიწვია.
„დატვირთულობას არ ვუჩივით. ჩვენ გვაქვს და გვქონდა ორი მიმართულება - „ნეკრესის მამული“ აერთიანებს ღვინის წარმოებას და სასტუმროს. სასტუმროს მიმართულებით უფრო კარგი შედეგები გვაქვს, იმიტომ, რომ დატვირთულობა სეზონზე, დაახლოებით მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, გვაქვს 70%, რაც ცუდი შედეგი არ არის. თუმცა, ქვეყანაში ტურისტული მდგომარეობაც შეცვლილია. ადრე, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ევროპელი ტურისტი პროცენტულად მეტი იყო, ვიდრე დღეს. რუსი და დსთ-ს ქვეყნების ტურისტები მეტი არიან ყოველთვის, მაგრამ ევროპელი ტურისტიც იყო. ახლა ევროპელი ტურისტი არის რადიკალურად შემცირებული. არ ვიცი, ალბათ 1%, 2%. ზოგადად, ტურისტებზე ნაკლებად ვმუშაობთ უკვე, უფრო ადგილობრივებზე ვმუშაობთ“, - აცხადებს ოთო ტაბატაძე.
მისივე თქმით, ადგილობრივი მომხმარებელი განსაკუთრებით შაბათ-კვირას აქტიურდება და „ნეკრესის მამულიც“ ამ პერიოდში სრულად იტვირთება.
„ადგილობრივი მომხმარებელი კარგად არის გააქტიურებული და ძირითადად ქორწილებისთვის გახდა ჩვენი ადგილი ძალიან მიმზიდველი. ძალიან პოპულარული გახდა „ნეკრესის მამული“ და ძალიან ბევრი ქორწილი გვაქვს.
ნომრის ფასი ყოველთვის კორექტირდება, ყოველთვის იცვლება. ერთი ფასი არ გვაქვს, სეზონებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე. აი, შეიძლება აგვისტოში იყოს 380 ლარი, იმიტომ, რომ მაღალი მოთხოვნა იყო. ასევე სექტემბერში, ოქტომბერში ეს ფასი დაახლოებით 30%-ით დავარდება, ნოემბერში - 40%-ით და ასე... ანუ სულ თამაშობს, ფასი მიბმულია მოთხოვნაზე. დატვირთვის კუთხით, შაბათ-კვირას 100%-ით ვართ დატვირთული“, - აცხადებს „ნეკრესის მამულის“ დამფუძნებელი.
ოთო ტაბატაძის შეფასებით, ტურისტული სეგმენტის ცვლილება მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობას არ ეხება და განსხვავებულია თავად ტურისტების ინტერესებიც. მისი თქმით, კახეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ვიზიტორები, რომელთა ინტერესშიც ღვინო, ქართული სამზარეულო და ადგილობრივი გარემო შედიოდა.
„პრობლემა იმაში არის, რომ ტურისტი აღარ არის ქვეყანაში... ანუ, არსებობს ტურისტების სხვადასხვა კატეგორია, ხომ? ყველას საქართველოში შემოსვლის მიზანი ერთი არ არის. ასე არის ქვეყნების მიხედვით და იმ ტურისტის ტრადიციების და ინტერესების შესაბამისად. ანუ ის ტურისტი, მაგალითად, იგივე რუსი, იგივე, ყაზახი, გნებავთ უკრაინელი, გნებავთ ებრაელი და გერმანელი, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ტურისტები, ტურისტების პირდაპირი სამიზნე მიმართულება იყო კახეთი. ვინაიდან მათი პირდაპირი ინტერესი იყო ღვინის დეგუსტაცია, კერძების გასინჯვა... შესაბამისად, ახლა, ირანელი რომ არის ჩამოსული, მისი ინტერესების სფერო არ არის ეს. მისი ინტერესის სფეროა ღამის კლუბი, ვთქვათ, შუშებიან ხიდთან ფოტოს გადაღება, ჩილიმის მოწევა. ტურისტის ხარისხი შეიცვალა.
ჩვენ ვაწვებით ბუნებრივ პროდუქტებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აუთენტური გარემო. ასეთია თვითონ „ნეკრესის მამული“, ყველაფერი აშენებულია გადამუშავებული პროდუქციით, იგივე მასალებით, იგივე აგური, კრამიტი, ძველი ხე გვაქვს გამოყენებული. მთელი რაღაც კონცეპტუალური ბმა არის ამ ბუნებრიობასთან. რაც ახლა ვინც ჩამოდის, იმისთვის ძალიან უინტერესოა. მე პირადად, არ მომწონს ეგეთი ტურისტი ქვეყანაში“, - ამბობს ის.
ტაბატაძის თქმით, ადგილობრივი ტურისტების გააქტიურება განსაკუთრებით შაბათ-კვირას აისახება, რადგან სამუშაო დღეებში თბილისელებისთვის კახეთში ჩამოსვლა რთულია.
„შაბათი-კვირაც იმიტომაა დატვირთული, რომ თბილისელები ჩამოდიან. თბილისელს და ადგილობრივ ტურისტს სხვა დღეებში არ სცალია, მუშაობს და პარასკევი, შაბათი, კვირა იმ ქაოსისგან უნდა, რომ გამოიქცეს. ყველაზე ახლოს ახლა, რომ ავიღოთ ჩვენი რეგიონები - რაჭა, იმერეთი, გურია, დასავლეთის მიმართულებით, ყველაზე ახლოს არის კახეთი, ხომ? ანუ საათ-ნახევარში, ორ საათში მაქსიმუმ ხარ ჩვენთან, სასტუმროში და ამიტომ მოდიან“, - აცხადებს Nekresi Estate-ის დამფუძნებელი.
























