სასტუმროების ქსელის Inn Group-ის დამფუძნებლის შეფასებით, მათთვის ყველაზე კარგი ევროპელი ტურისტია. ამის შესახებ პაატა კოკაიამ "საქმის კურსთან" ტურიზმში არსებული ტენდენციების შეფასებისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების ტოპ თხუტმეტეულში ევროკავშირიდან მხოლოდ გერმანიასა და პოლონეთს ვხვდებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი წელს საქართველომ მაინც ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო.
კერძო სექტორის წარმომადგენლები, დადებითად აფასებენ ევროკავშირიდან ტურისტული ნაკადების და ხარჯვითი წილის ზრდას.
„ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ორნიშნა ზრდაა და ჩვენთვისაც ყველაზე კარგი ევროპელი ტურისტია, ვერც ერთი სხვა ქვეყნის ტურისტი მას ვერ შეედრება, თუ არ ჩავთვლით იაპონიას და კორეას“, - ასე აფასებს ევროპელ ტურისტებს „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 23%-ითაა გაზრდილი.
"უნდა აღინიშნოს, რომ ევროპიდან პენსიონერების ასაკის ხალხი უფრო ჭარბობს. ჩვენ რომ ვიძახით, რომ ხარისხიანი ტურისტი გვინდა, სწორედ ევროპელები არიან ხარისხიანი ტურისტები, რომლებიც ჩამოდიან, მაღალმხარჯველებიც არიან და კულტურულადაც ჩვენთან ძალიან ახლოს არის", - აღნიშნავს კოკაია.
ინფორმაციისთვის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, საიდანაც შემოსავლების ზრდა 29%-ს აღწევს, შემდეგ მოდის რუსეთი, საიდანაც წელს 14.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ომის გამო მნიშვნელოვანი კლებაა ირანიდან 21%-ით და საუდის არაბეთიდან 33%ით.
























