უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესება შემცირებულია.
როგორც BMG-სთან რე/მაქსის მასტერფრენჩაიზის საქართველოს რეგიონალური წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე არარეზიდენტებს შორის მეტი აქტივობით სპარსეთის ყურის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გამოირჩევიან.
“უფრო ფრთხილად ეკიდებიან უცხოელები უძრავი ქონების შეძენას საქართველოში. ეს ტენდენციაც შესამჩნევია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ქუჩაში მწვავდება, ეს ძალაუნებურად პაუზას იწვევს. თუმცა ინტერესი ნამდვილად არ არის გამქრალი, უბრალოდ შეიცვალა ქვეყნების გეოგრაფია და განსხვავებაა ესაა.
[სპარსეთის] ყურის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უფრო ინტენსიურად ინტერესდებიან ქართული უძრავი ქონების ბაზრით. ძალიან ბევრი მოთხოვნა შემოდიოდა ევროპელი მყიდველებისგან, თუმცა მოთხოვნა [ახლა] შესუსტებულია. პირიქით, ის ადამიანები, ვინც უძრავ ქონებას ფლობდნენ, ამ უძრავი ქონების გაყიდვა სურდათ”, - ამბობს მარიამ სურგულაძე.
"გალტ & თაგარტის"-ის ინფორმაციით, 2025 წლის 10 თვეში თბილისში გაყიდული ბინების 25% არარეზიდენტებზე მოდიოდა, მათ შორის 11% - ისრაელის მოქალაქეებზე, ხოლო 3% - რუსეთის მოქალაქეებზე.




























