ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ნობელის კომიტეტს ღია წერილით მიმართავს და ითხოვს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინელი ხალხი წარადგინონ.
ღია წერილში ხაზგასმულია, რომ უკრაინელები იბრძვიან ადამიანის უფლებებისა და მშვიდობისთვის. წერილზე ხელმომწერი პოლიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს პროცედურიდან გადახვევა იქნება, თუმცა ასეთ სიტუაციაში მსგავსი ქმედება გამართლებულია. კერძოდ, ღია წერილის ავტორები ითხოვენ მშვიდობის პრემიაზე წარსადგენი უკვე ამოწურული ვადა 31 მარტამდე გაახანგრძლივონ.
"ჩვენი დემოკრატიული ვალდებულებაა, ავტორიტარიზმს აღვუდგეთ და მხარი დავუჭიროთ ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის და მათ უფლებას საკუთარი მმართველობა ჰქონდეთ”, - ნათქვამია ღია წერილში.
წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან ასევე ნიდერლანდების პარლამენტის ყოფილი წევრები და სხვები.




























