მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპელი ტურისტები ფაქტობრივად არ არიან“ – რა დატვირთვით მუშაობენ Rooms-ის სასტუმროები?

ვალერი ჩეხერია

სასტუმროების ქართული ბრენდ Rooms-ის მმართველი კომპანიის Rooms Hotel-ის დირექტორის ვალერი ჩეხერიას შეფასებით, სასტუმროები თბილისსა და რეგიონებში განსხვავებული დატვირთვით მუშაობენ, რადგან აგვისტო დედაქალაქში ტურისტულად პასიური პერიოდია. 

BM.GE-სთან საუბრისას ვალერი ჩეხერია იმასაც ამბობს, რომ თბილისის შემთხვევაში მათ უკეთესი მოლოდინი ჰქონდათ, რომელიც არ გამართლდა. 

Rooms-ის ბრენდის სასტუმროების დატვირთულობა თბილისსა და რეგიონებში განსხვავებულია. თბილისში აგვისტოში მაღალი დატვირთვა არ გვაქვს, ისტორიულადაც აგვისტო თბილისში დაბალ სეზონად ითვლება, თუმცა წელს უფრო მაღალი მოლოდინი გვქონდა. თუ ველოდით, რომ სასტუმრო 70%-მდე იქნებოდა დატვირთული, ეს მაჩვენებელი 55-60%-ია“, - ამბობს ჩეხერია და დასძენს, რომ Rooms Kazbeg-ში სასტუმრო მაღალი დატვირთვით მუშაობს, თუმცა იქ დაბალი სეგმენტის სტუმრები არიან. 

Rooms Hotel-ის დირექტორი ქვეყნების მიხედვით ტურისტების აქტივობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ სასტუმროში ევროპელი, მაღალმხარჯველი ტურისტი ფაქტობრივად არ ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგულად სწორედ ამ ბაზრის სტუმრების მოზიდვაზე მუშაობენ. 

„თბილისში სასტუმროს დაბალი დატვირთულობა ევროპული ტურისტული ჯგუფების და ბიზნესმოგზაურთა ნაკლებობით არის განპირობებული. 

ქვეყნების მიხედვით დატვირთვას რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ქართული ბრენდის სასტუმროების პოპულარიზაციას ევროპულ ბაზარზე ვაკეთებთ, ვცდილობთ მაღალმხარჯველიან ტურისტი ჩამოვიყვანოთ. ორგანიზებულ ჯგუფებს ჩვენ არ ვმასპინძლობთ, როგორიცაა ე.წ. გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ჯგუფები. ამ ნაწილში ევროპიდან ტურისტულ ნაკადებს ველოდით, თუმცა ევროპელი ტურისტები ფაქტობრივად არ არიან“, - განმარტავს Rooms Hotel-ის დირექტორი. 

ის თვლის, რომ ევროპელი ტურისტების სიმცირე ორი ფაქტორითაა გამოწვეული რუსეთ-უკრაინის ომით და რუსი ტურისტების სიმრავლით. 

„ევროპელი ტურისტების შემცირებაზე პირველ რიგში უკრაინის ომი მოქმედებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელ მომხმარებელს ვუთხრათ, რომ საქართველოში სიმშვიდეა და ამისთვის აქტიური მარკეტინგია საჭირო. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ აქტიურად ვიღებთ ტურისტებს და ამ კუთხით მარკეტინგული აქტივობის ნაკლებობას ვხედავ.

მეორე ფაქტორი ის არის, რომ სადაც ბევრი რუსი მოგზაური ჩადის, იქ ევროპელი ტურისტები არ მიდიან და ისეთ ქვეყნებში ცდილობენ წასვლას, სადაც რუსები არ ისვენებენ. ამის ნაკლებობა გვაქვს რომ ჩვენ კარგი მარკეტინგული აქტივობები დავგეგმოთ ევროპის მიმართულებით“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები