მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპიდან ტურისტული ჯგუფების შემცირების ტენდენცია აღარ ჰქვია, ფაქტობრივად განულებულია - თემურ დიასამიძე

ტურიზმი ბათუმი

ტურიზმისა და უძრავი ქონების ექსპერტის და საინვესტიციო მრჩევლის, თემურ დიასამიძის განცხადებით, აჭარაში ევროპელი ტურისტების ჯგუფები თითქმის აღარ ჩამოდის და განულებულია. სამაგიეროდ გააქტიურებულია აზიური ბაზარი. როგორც გადაცემა “საქმიან დილაში” ჩართვისას დიასამიძემ აღნიშნა, ინდოეთი ძალიან გააქტიურებულია.

„ნაკადები არის, მაგრამ ძირითადად აზიური ქვეყნებიდან, ინდოეთი ძალიან გააქტიურებულია. ისრაელიც ტრადიციულად აქტიური იყო. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ჩინეთიდან ჩამოსული ხალხი. ბათუმში ხშირია და ფაქტობრივად ყოველდღიურად რამდენიმე ჯგუფს ვხვდებით თურქეთიდან. ივლის-აგვისტოში დაემატება შუა აზიის ქვეყნები და ჩვენი სამეზობლო - სომხეთი. თუმცა არა ისე, როგორც წინა წლებში იყო.

ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსვლასა და ჯგუფებზე ლაპარაკიც ზედმეტია. შემცირების ტენდენციაც კი აღარ არის. ფაქტობრივად, განულებულია. ინდივიდუალურად თუ ჩამოვლენ... მთელი სეზონის მანძილზე შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი ჩამოვიდეს. ადრე თუ პოლონეთიდან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყო ჯგუფები აჭარაში, დღესდღეობით ეს ასე აღარ შეიმჩნევა. თუმცა, მე როგორც ვიცი, დანარჩენ საქართველოში - სვანეთში, ყაზბეგში, კახეთსა და თბილისში ეს ჯგუფები ჯერ კიდევ არის. მაგრამ ამ მხრივაც არის შემცირება“, - განაცხადა თემურ დიასამიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ბათუმში ზაფხულის სეზონი ჯერ არ არის გააქტიურებული და შესამჩნევია 20-25 წლის წინანდელი ტენდენცია, როცა ბათუმს მხოლოდ ორთვიანი ტურისტული სეზონი ჰქონდა.

"სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში შეიმჩნევა ტენდენცია, როცა ბათუმი ხდება იმ ტიპის კურორტი, როგორც იყო 20-25 წლის წინ, როცა აქ განსაკუთრებული აქტივობები მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა და ის ორი თვე იყო ძირითადი შემოსავლის წყარო სააგენტოებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, გიდებისთვის“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ქართული ტურიზმის სექტორი აზიურ ბაზრებზე გადაწყობის პროცესშია. წელს ტურიზმის სექტორში ისრაელის შემდეგ სწორედ ინდოელი, ჩინელი და არაბული ქვეყნებიდან ვიზიტორები დომინირებენ. აზიური ბაზრებიდან ტურისტების ნაკადი რაოდენობრივად დიდი არ არის, თუმცა წლიურ ჭრილში პირველ კვარტალში 40%-ზე მეტად არის გაზრდილი ტურისტების ნაკადი ჩინეთიდან, ინდოეთიდან კი ზრდა 28%-ია. პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადი ისრაელიდან ჩამოდის. წლის პირველ სამ თვეში ისრაელიდან 80,896 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 72.9%-იანი ზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები