პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც და ევროპის დღეს ის, ევროპას მაქსიმალურ წინსვლას და არსებული უარყოფითი ტენდენციების დადებითისკენ შემოტრიალენას უსურვებს. ამის შესახებ მან ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები ევროპის მასშტაბით, არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ, რელიგიურ იდენტობას.
„დღეს არის ევროპის დღე, მინდა, ეს თარიღიც გავიხსენო და ჩვენ ვუსურვებთ ევროპას, ჩვენს კონტინენტს განვითარებას, კეთილდღეობას. დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები ევროპის მასშტაბით, არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ, რელიგიურ იდენტობას, არის სერიოზული პრობლემები, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოტრიალდეს დადებითი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მთლიანად კონტინენტისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ევროპაში ეკონომიკური კრიზისი, არის რისკების შემცველი ნებისმიერი ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის, ამიტომ ჩვენ ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა.
„პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა პრემიერმა.