ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ პროტესტზე საუბრისას განუცხადა. „თუ მსოფლიო პოლიტიკის კულუარებში რაღაც ძალიან კრიტიკული არ ხდება, რაც ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ პირველმა პირებმა იციან, <ხელისუფლებამ> მაქსიმალურად უნდა მოუსმინონ ხალხს. ეს არის ჩემი რჩევა და თხოვნა, თბილად და სიყვარულით... სხვა რჩევა არ მაქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ 200-წლიანი ბატონობის შემდეგ, ისევ უკან არ წავალთ. რუსეთში ვერავინ დაგვაბრუნებს. არ არსებობს. ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს“, - აცხადებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
- მინდა, ბიზნესის ძალაზეც ვისაუბროთ - რატომ არიან მსხვილი ბიზნესმენები, ძირითადად, სულ ხელისუფლების მხარდამჭერები?
- მსხვილი ბიზნესი ასაკით უფრო ხანდაზმულია; აქედან გამომდინარე, უფრო დაღვინებული ხალხია მსხვილ ბიზნესში; კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 1992-93 წლების საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი ვნახოთ, რომელიც საუბრის დასაწყისშიც ვახსენე. ფილმში მთავრობის მაშინდელი წარმომადგენლებიც საუბრობენ და ნახავთ რაც მოხდა... ამის გამოა, რომ მსხვილი ბიზნესი თავს იკავებს ხოლმე პოლიტიკური შეფასებებისგან. ვფიქრობ, მსხვილი ბიზნესი მთელ მსოფლიში იგივეს აკეთებს.
- რატომ არის პრობლემა, თუ მსხვილი ბიზნესი თავის პოზიციას ხმამაღლა დააფიქსირებს, თუ ფიქრობს, რომ „რუსლი კანონი“ ისევ გასაწვევია?
- ჩვენი პოზიცია ვთქვით, როცა BAG-მ განცხადება გაავრცელა - ჩვენ ევროპის გზიდან ვერავის გადავახვევინებთ - ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. მე, პირადად, გამოვალ ქუჩაში. ვიდგები ქუჩაში.
- ახლა არ დადიხართ აქციებზე რუსთაველზე?
- ირგვლივ კი... აქ ვცხოვრობ და სულ დავდივარ...
- მხოლოდ დაღვინებით აიხსნება მსხვილი ბიზნესის დუმილი?
- მე ვდუმვარ ახლა?! რამე კითხვაზე ვერ გიპასუხეთ?
- ვაფასებ, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე... ისევ „რუსულ კანონს“ დავუბრუნდეთ - თქვენ თქვით, რომ ხელისუფლებამ ხალხს ყური უნდა დაუგდოსო. ფაქტია, ჯერჯერობით, ასე არ იქცევიან. რა ურჩიეთ პრემიერს?
- ჩემი სურვილია და თხოვნაა, როგორც პრემიერმა თქვა, მაქსიმალურად ვიდაოთ კანონის ყველა წერტილ-მძიმეზე. ნუ იქნება პოზიცია რადიკალური... მათაც მივცეთ საშუალება, ხალხის თხოვნა გაითვალისწინონ; ვიმუშაოთ ბოლომდე. დავეხმაროთ. განა არ ცდებიან?! ზოგჯერ დედა და მამა ცდება, მაგრამ ამის გამო ხომ არ უნდა დაინგრეს ოჯახი?! თუ გვინდა, რომ ამ პროცესს ქვეყანა გადავაყოლოთ, უკვე ვახსენე 90-იანებში რა როგორ იყო... უწმინდესის სიტყვებსაც ვუგდოთ ყური - ღვთისნიერება, მეტი ლოცვა, მეტი ღვთის მსგავსება. რამდენჯერაც არ დავუჯერეთ, იმდენჯერ წავაგეთ...