ევროპის დიდ ქალაქებში საკუთარი ბინის ყიდვა სულ უფრო ძვირად ღირებული სიამოვნებაა. ხშირად ფასებს შორის სხვაობა იმდენად კოლოსალურია, რომ მაგალითად, თუ ერთ ქალაქში კვადრატული მეტრის ფასი 2600 ევროს ოდნავ აღემატება, მეორეში იმავე ფართობის შესაძენად 20 000 ევროზე მეტია საჭირო.
Deutsche Bank Research-ის Mapping the World’s Prices 2026 ანგარიშის მიხედვით, რომელიც 69 ქალაქს, მათ შორის ევროპის 28 ქალაქს ადარებს, კონტინენტზე ბინის შესაძენად ყველაზე ძვირი ქალაქი ციურიხია. საუბარია ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელზე. შვეიცარიის ფინანსურ ცენტრში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 22 910 ევროს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ 80 კვადრატული მეტრის ბინა ციურიხის ცენტრში საშუალოდ დაახლოებით 1.83 მილიონი ევრო დაჯდება.
ციურიხს არც ჟენევა ჩამორჩება. შვეიცარიის მეორე ქალაქში 1 კვ.მ საშუალოდ 19 439 ევრო ღირს. შესაბამისად, 80 კვადრატული მეტრი ბინის შესაძენად დაახლოებით 1.55 მილიონი ევრო იქნება საჭირო.
შვეიცარიის შემდეგ უკვე ლონდონი მოდის. ბრიტანეთის დედაქალაქში ქალაქის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 17 241 ევროა. შესაბამისად, 80 კვადრატული მეტრი ბინის ღირებულება დაახლოებით 1.38 მილიონ ევროს შეადგენს.
რეიტინგში ლონდონის შემდეგ ადგილს პარიზი იკავებს, თუმცა ბრიტანეთისა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის უძრავი ქონების ფასებში მნიშვნელოვანი სხვაობაა. პარიზის ცენტრში 1 კვ.მ-ს საშუალო ფასი 12 771 ევროს შეადგენს. შესაბამისად, 80 კვადრატული მეტრის ბინის შეძენა დაახლოებით 1.02 მილიონი ევრო დაჯდება.
ევროპის ყველაზე ძვირი ქალაქების ხუთეულს ვენა ასრულებს. ავსტრიის დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 12 483 ევროს შეადგენს.
ამ ხუთეულს შემდეგ მიუნხენი, ლუქსემბურგი, კოპენჰაგენი, სტოკჰოლმი და ოსლო მოჰყვებიან. მიუნხენში კვადრატული მეტრი საშუალოდ 11 435 ევრო ღირს, ლუქსემბურგში - 11 011 ევრო, კოპენჰაგენში - 10 191 ევრო, სტოკჰოლმში - 10 037 ევრო, ოსლოში კი ფასი უკვე 10-ათასიან ნიშნულს ჩამოსცდა და 9 785 ევრო შეადგინა.
რეიტინგში საინტერესოა ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სურათიც. ყველაზე ძვირ ქალაქებს შორის ლონდონი და პარიზი არიან, თუმცა გერმანიის შემთხვევაში ქვეყნის დედაქალაქი ბერლინი პირველ ადგილზე არ არის. გერმანიაში ბინის შეძენა ყველაზე ძვირი მიუნხენშია, სადაც ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 11 435 ევრო ღირს, მაშინ როცა ბერლინში ეს მაჩვენებელი 7 613 ევროა.
უძრავი ქონების ფასით პრაღაც ბერლინსა და მადრიდს უსწრებს. ჩეხეთის დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 8 352 ევროა, მადრიდში - 7 831 ევრო, ბერლინში კი - 7 613 ევრო.
მილანსა და ამსტერდამშიც კვადრატული მეტრის ფასი 9 ათას ევროს აჭარბებს. ჰელსინკიში საშუალო ფასი 8 431 ევროა, რომში - 7 328 ევრო, დუბლინში - 7 185 ევრო, ფრანკფურტში - 7 162 ევრო. ლისაბონსა და ბარსელონაში კი კვადრატული მეტრი 6 636 და 6 485 ევრო ღირს.
ევროპის ქალაქებში ბინის შეძენის შესაძლებლობებს შორის სხვაობა განსაკუთრებით მკაფიო ხდება რეიტინგის მეორე ბოლოში. სტამბოლი ევროპის 28 ქალაქს შორის ყველაზე იაფია - აქ ქალაქის ცენტრში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 2 646 ევროა. შემდეგ მოდის ათენი, სადაც იგივე მაჩვენებელი 3 442 ევროს შეადგენს.
ათენთან შედარებით ძვირია ბრიუსელი, თუმცა ისიც ევროპის შედარებით იაფ ქალაქებს შორის რჩება. ევროკავშირის დედაქალაქში ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 4 380 ევრო ღირს. ბირმინგემში ფასი 4 671 ევროა, ბუდაპეშტში - 5 243 ევრო, ვარშავაში - 5 443 ევრო, ედინბურგში კი - 5 708 ევრო.
საინტერესოა გლობალური სურათიც. Deutsche Bank-ის კვლევაში შესულ 69 ქალაქს შორის ყველაზე ძვირი საცხოვრებელი ჰონკონგშია, სადაც ერთი კვადრატული მეტრი 23 790 ევრო ღირს. მეორე ადგილზე ციურიხია, მესამეზე კი სეული - 21 897 ევროთი.
რეიტინგის მეორე ბოლოში კაირო და იოჰანესბურგი არიან. ამ ქალაქებში ერთი კვადრატული მეტრის ფასი შესაბამისად 784 და 913 ევროა.




























