მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპის საბჭოს გენმდივანს ავუხსენი, რომ არაღიარებულ ხელისუფლებასთან სამუშაო ჯგუფის შექმნა მათი მანდატი არაა - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს გენმდივანთან შეხვედრისას, ალან ბერსეს და დელეგაციას განუმარტა, რომ საქართველოს არაღიარებულ ხელისუფლებასთან სამუშაო ჯგუფების შექმნა ორგანიზაციის მანდატი და მოვალეობა არ არის. ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ორგანიზაციას ერთადერთი პასუხისმგებლობა აქვს ხმა ამოიღოს, როცა რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც საქართველოში ხდება - ხალხის მიმართ ძალადობა, მათი ყველა უფლების შეზღუდვა. ამის გაპროტესტება და დაგმობა ასეთი ორგანიზაციის, ალბათ, პირველი მოვალეობაა. მე ძალიან კარგად ავუხსენი გენერალურ მდივანს, რომ მათი არც მანდატი და არც მოვალეობა არ არის, რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, იმისთვის რომ განიხილონ რუსული კანონი. ვის აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა-არშეცვლა. ეს ყველაზე კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ იტყუება ხელისუფლება წლების მანძილზე - ხან უკან მიაქვს, ხან წინ მიაქვს, ახლა ფორმალურად შევცვლი და ამით ვიღაცას მოხიბლავენ... შეიძლება ვიღაც მოხიბლონ, მაგრამ ამით ქართველ ხალხს ვერ მოხიბლავენ, ვერც ჩვენს პარტნიორებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა... შეიძლება ვიღაცას ნაკლებად ესმოდეს და აქ ჩამოსვლის შემდეგ გაერკვეს იმ ტყუილებში, რომელიც დღეს ხელისუფლებას ახასიათებს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ტყუილსა და პროვოკაციას უწოდებს კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი შსს-ს სანქცირებულ თანამდებობის პირებს ღირსების ორდენებით დააჯილდოებს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ალან ბერსე ირაკლი კობახიძის კაბინეტმა მოატყუა და მასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პროვოკაციული განცხადება გააკეთა.

„მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს და ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის იმ გენერალური მდივნის, რომელთანაც ახლა მქონდა საუბარი და რომელიც შევიდა ვითომ რომ ჰგონია, კონსტრუქციულ დიალოგში. ამაში შეიყვანეს და მეორე წუთში ასეთ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებენ, ყველაფერი ნათელია და ჩვენი გზაც ნათელია. მშვიდობიანი გზა წინ არის, ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ და მხარს გვიჭერენ. ჩვენ ამას ამ დღეებში კიდევ უფრო ნათლად ვნახავთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები