ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოს, 2024-2025 წლებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ძალისმიერი დაშლის გამო, სამართალდამცველთა პასუხისმგებლობის დაყენების, შემზღუდავი "უცხოური გავლენის" შესახებ კანონების გაუქმებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების მუდმივი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ განცხადება ო'ფლაერტიმ საქართველოში 2026 წლის 14-15 აპრილს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნა.
პრესრელიზის თანახმად, კომისრის ვიზიტი ფოკუსირებული იყო 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციების ძალადობრივ დაშლაზე სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის მუდმივ დაუსჯელობაზე, გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მზარდ შეზღუდვებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იქიდან დევნილი პირების ადამიანის უფლებებზე იყო.
ო'ფლარტის განცხადებაში კონკრეტულ დებულებებს ვკითხულობთ, რომლებიც კომისარმა ვიზიტის ფარგლებში გამოყო.
პასუხისმგებლობა და სამართალდამცავი ორგანოები
კომისარმა თვალი ადევნა იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც მან 2025 წლის იანვრის ვიზიტის შემდეგ გასცა. ეს რეკომენდაციები საჯარო დემონსტრაციების დროს, სამართალდამცველებისა და ნიღბიანი ამოუცნობი პირების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უკანონო დაკავებებისა და ძალის გადამეტების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის არარსებობას ეხებოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ კომისარი მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ყველა სამართალდამცველს ხილული ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის ტარებას დაავალდებულებს, ის კვლავ შეშფოთებულია, რომ 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში აქციების ძალადობრივი დაშლისთვის არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა პასუხისგებაში. შეხვედრებზე მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიება მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვა
კომისარმა გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების შემზღუდველ კანონმდებლობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აქციების შემდეგ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღო.
კერძოდ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ახალი ცვლილებები მოითხოვს პოლიციის წინასწარ ინფორმირებას, თუ დემონსტრაცია იმართება იქ, სადაც ტრანსპორტი ან ხალხი მოძრაობს; აძლევს პოლიციას უფლებას, შეცვალოს დემონსტრაციის ადგილი ან დრო, თუ ის საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის ან ხალხის თავისუფალ გადაადგილებას; და კრძალავს კიდეც მომიტინგეების მიერ ტროტუარის "ბლოკირებას". ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები 2025 წლის თებერვალში დაწესებულ 60-დღიან პატიმრობის ვადებს სხვა სამართალდარღვევებზეც ავრცელებს, თუნდაც ეს დარღვევები პირველად იყოს ჩადენილი. სისხლის სამართლის კოდექსში შესული ახალი ცვლილებები კი, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული განმეორებითი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომისარი გამოხატავს შეშფოთებას, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და, როგორც ჩანს, შეუთავსებელია კონვენციით დადგენილ აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან.
ხელისუფლებასთან შეხვედრებისას კომისარმა ასევე გამოხატა შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებზე "უცხოური გავლენის" შესახებ რამდენიმე კანონის მსუსხავი ეფექტის გამო.
"ასევე შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები არსებით როლს ასრულებენ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვაში. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები მკაცრად შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს", - განაცხადა კომისარმა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილი პირების უფლებები
განცხადების თანახმად, ვიზიტმა კომისარს პირველად მისცა შესაძლებლობა, გაცნობოდა იმ ადამიანის უფლებათა პრობლემებს, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) მცხოვრები და იქიდან დევნილი პირები აწყდებიან.
"დევნილები კვლავ აწყდებიან ინტეგრაციის გამოწვევებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს მუდმივი ყურადღება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა საცხოვრებელი, სამუშაო და განათლება", - აღნიშნა მან.
ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს; შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს; გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაქიძეს; გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს; და საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს.
კომისიის ცნობით, ზემოაღნიშნულ საკითხებზე კომისრის დამატებითი, დეტალური მოსაზრებები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.




























