ევროპის სათხილამურო კურორტები ახალ ზამთრის სეზონს მხოლოდ თოვლის მოლოდინით არ ხვდებიან - კურორტებზე ახალი სასტუმროები იხსნება, მოქმედი ობიექტები ფართოვდება და სტუმრებისთვის შეთავაზებაც იცვლება.
Euronews-ის მიმოხილვის მიხედვით, 2026-2027 წლების სეზონზე ახალი სასტუმროები საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიისა და შვეიცარიის კურორტებზე გაიხსნება. აქცენტი კი მხოლოდ ნომრების დამატებაზე აღარ კეთდება - ახალი ობიექტები სტუმრებს რესტორნებს, სპა და ველნეს სივრცეებს, აუზებსა და სხვადასხვა აქტივობასაც სთავაზობენ.
საგულისხმოა, რომ ევროპის სათხილამურო ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია. კონტინენტზე 3 900-ზე მეტი სათხილამურო კურორტია, 37 800 კილომეტრის მონიშნული ტრასითა და 16 800-ზე მეტი საბაგიროთი.
ახალი სასტუმროების გახსნასთან ერთად, ევროპული კურორტები სტუმრებს დამატებით სერვისებსაც სთავაზობენ. მაგალითად, იტალიის კორტინა დ’ამპეცოში დეკემბრის დასაწყისში The First Cortina გაიხსნება. სასტუმრო 76 ნომერსა და ლუქსს გააერთიანებს და სტუმრებს ქალაქში, დოლომიტების სიახლოვეს განთავსების შესაძლებლობას მისცემს. ადგილზე მათ რესტორნები, სპა და სათხილამურო აღჭურვილობისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე დახვდებათ.
ავსტრიის ცილერტალში ახალი The Green Resort კი სასტუმროსა და სათხილამურო კურორტის გარდა, ველნესზე აკეთებს აქცენტს. ობიექტში 3 300 კვადრატული მეტრის სპა სივრცე მოეწყობა, სადაც აუზები, საუნები და ორთქლის აბანოები იქნება. სასტუმრო სტუმრებს ერთკვირიან ზამთრის პაკეტსაც სთავაზობს, რომელშიც საცხოვრებელთან და კვებასთან ერთად სათხილამურო აბონემენტიც შედის.
ახალი სასტუმრო ემატება შვეიცარიის ვერბიესაც. The Ski Lodge დეკემბერში გაიხსნება და 36 ნომერს გააერთიანებს. აქაც მთავარი მხოლოდ განთავსება არ იქნება - სასტუმროში აუზი, საუნა, ჰამამი და სპა სივრცე მოეწყობა.
საფრანგეთის მორზინში კი სამი წლის განმავლობაში განახლებული Hôtel Le Tremplin ახალ სეზონს 13 აპარტამენტით ხვდება. ამავე კურორტზე ყოფილი Les Airelles-ის სასტუმრო Garance Hotel & Spa-ს სახელით დაბრუნდება. ობიექტში 65 ნომერი, რესტორანი, ბარი, აუზი და სპა სივრცე იქნება.
ანუ ევროპული კურორტების მაგალითზე, ზამთრის ტურიზმში კონკურენცია მხოლოდ თოვლსა და სათხილამურო ტრასებზე აღარ გადის. სასტუმროები სტუმრისთვის მთელ გამოცდილებას ქმნიან - საცხოვრებლიდან და კვებიდან დაწყებული, სპა, ველნესითა და გასართობით დასრულებული. ამას ისიც აჩვენებს, რომ ევროპის წამყვან კურორტებზე ახალი პროექტების დაგეგმვა უკვე მომდევნო წლებზეც გრძელდება. საფრანგეთის კურშეველში 2028 წელს Raffles-ის პირველი ალპური კურორტი უნდა გაიხსნას, 2030 წელს კი One&Only-ის პირველი კურორტი საფრანგეთის ალპებში.
























