ყოველწლიურად ევროპაში საშუალოდ 160 000 ახალი სტარტაპი რეგისტრირდება. თუმცა, როგორც კვლევები ცხადყოფს, დამწყები ბიზნესების დაახლოებით 10% წარუმატებელია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ექსპერტები ერთი მხრივ მნიშვნელობას ანიჭებენ სტარტაპერების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ გარემოს - სადაც ისინი მეტად განვითარებასა და წარმატების მიღწევას შეძლებენ.
ამის გათვალისწინებით, ბრიტანულმა კომპანია The Knoweldge Academy-მ უახლესი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ევროპის ის ქალაქებია განხილული, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს ყველაზე კარგ შესაძლებლობას სთავაზობს.სტარტაპებისთვის საუკეთესო ქალაქის ტიტულის მოსაპოვებლად ქალაქებს ისეთი კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინათ, როგორიცაა: ხელმისაწვდომი საოფისე ფართების რაოდენობა, გაქირავების ფასები, საუკეთესო უნივერსიტეტების სიახლოვე და ასევე ინტერნეტის სიჩქარე. თუმცა, ანგარიშში არ იყო გათვალისწინებული მარეგულირებელი ფონი, ბიუროკრატია და გადასახადები.
შეფასების ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით დამწყები ბიზნესებისთვის საუკეთესო ევროპულ ქალაქად პარიზი დასახელდა, რომელმაც 10-ბალიანი შეფასების შკალიდან 8.87 ქულა მიიღო. კვლევის თანახმად, პარიზი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტებით არის გამორჩეულია და ამასთან, ქალაქს კარგად განვითარებული სტარტაპ ეკოსისტემა აქვს. როგორც აღმოჩნდა, საფრანგეთის დედაქალაქი ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინტერნეტითაც გამოირჩევა, რომლის საშუალო სიჩქარე 193 მეგაბიტი წამშია. ამ დროის მონაცემებით პარიზში 1.1 მილიონი ბიზნესია დაფუძნებული, რომელთა წარმატებული ოპერირებისთვის ქალაქი ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
პარიზს მცირედით ჩამოუვარდება ესპანეთის დედაქალაქი. 8.84 ქულით მადრიდი სტარტაპებისთვის მეორე საუკეთესო ქალაქად დასახელდა. მადრიდის მაღალი შეფასება დიდწილად ხელმისაწვდომი ოფისების დიდ რაოდენობასა და ცხადია ინტერნეტის სიჩქარეს უკავშირდება, რომელიც 248 მეგაბიტი წამშია და ესპანეთის საერთო საშუალო ინტერნეტის სიჩქარეს ორჯერ აღემატება.
მადრიდის შემდეგ სტარტაპებისთვის საუკეთესო ცენტრად კიდევ ერთი ესპანური ქალაქი სახელდება. ბარსელონა 8.82 ქულით მესამე ადგილას პოზიციონირებს და უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქმა ამ თვალსაზრისით ბოლო ათი წლის განმავლობაში რეპუტაცია განსაკუთრებით გაიმყარა.
8.27 ქულით სტარტაპებისთვის საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის ხვდება ლონდონიც. ბრიტანეთის დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიმრავლითაც გამოირჩევა და ამ თვალსაზრისით მისი შეფასება 100 ქულიანი შკალიდან 70 ქულით განისაზღვრება. ამ ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში საოფისე სივრცეების თვალსაზრისითაც არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია.
The Knoweldge Academy-ის თანახმად, სტარტაპებისთვის ევროპის საუკეთესო 10 ქალაქს შორის ასევე სახელდება: ლიონი, დუბლინი, ბერლინი, ვარშავა, ამსტერდამი და მილანი.