მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება

პაბლო ერნანდეს დე კოსი

ევროზონის ლიდერებმა ევროპის ცენტრალური ბანკის მომავალ პრეზიდენტად ესპანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი, პაბლო ერნანდეს დე კოსი შეარჩიეს.

დე კოსი ამ პოსტზე 2027 წლის 7 თებერვალს კრისტინ ლაგარდს შეცვლის, თუმცა კანდიდატურის ოფიციალურ დამტკიცებას ევროპარლამენტთან და ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოსთან კონსულტაციები დასჭირდება.

Reuters-ის ცნობით, დე კოსის კანდიდატურაზე შეთანხმება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ნიდერლანდებმა ერთადერთი მეტოქის, კლას კნოტის მხარდაჭერაზე უარი თქვა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ესპანეთის ცენტრალურ ბანკში ორ ათწლეულზე მეტი ხნის მუშაობის განმავლობაში დე კოსი ზომიერად რბილი მონეტარული პოლიტიკის მომხრე, თუმცა პრაგმატული ფიგურა იყო. მან 2019 წელს მარიო დრაგის მასშტაბურ სტიმულირების პაკეტსა და უარყოფით განაკვეთებს დაუჭირა მხარი, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ენერგეტიკული შოკის ფონზე კი განაკვეთების მკვეთრ ზრდას მიემხრო.

თავად დე კოსმა 2024 წელს საკუთარი მიდგომა "ბუს" შეადარა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ მონაცემებსა და არსებულ ვითარებაზე დაყრდნობით იღებს.

საინვესტიციო კომპანია Union Investment-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კრისტიან კოპფის განმარტებით, დე კოსის პოზიცია ეკონომიკურ რეჟიმზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ევროზონა ამჟამად მაღალი ინფლაციის რეჟიმში იმყოფება და საბაზო ინფლაცია 2029 წლამდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

ცნობისთვის, 55 წლის პაბლო ერნანდეს დე კოსი 2018 წლიდან 2024 წლის ივნისამდე ესპანეთის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა, 2019-2024 წლებში კი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2025 წლის ივლისიდან ის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალური მენეჯერის პოსტს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები