ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის ნახევარწლიან მიმოხილვაში ხელოვნური ინტელექტის ბუმი დოტკომის ეპოქას შეადარა და ბაზრის მკვეთრი ვარდნის რისკებზე გაამახვილა ყურადღება.
ინსტიტუტის შეფასებით, ტექნოლოგიური გიგანტების მიერ ვალის სწრაფი ზრდა 2000-იანი წლების დასაწყისში არსებული დოტკომისა და 2008 წლის იპოთეკური სესხების ბუშტების მსგავს სურათს ქმნის, თუმცა საყურადღებო ფაქტია, რომ რეგულატორი ბაზარს ბუშტად ჯერ არ აცხადებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ბორის ვუიჩიჩის განცხადებით, ევროზონის ფინანსური სტაბილურობის რისკები კვლავ მაღალი რჩება, რასაც გეოეკონომიკური გაურკვევლობა და AI-ზე მზარდი დამოკიდებულება განაპირობებს.
მიუხედავად იმისა, რომ AI-სექტორის ოპტიმიზმი ევროკავშირის ეკონომიკას ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკის დაძლევაში დაეხმარა, რეგულატორი მიიჩნევს, რომ თავად ეს ოპტიმიზმი ახალ საფრთხედ იქცა.
ანგარიშის თანახმად, AI-კომპანიების აქციების ფასები ეფუძნება შემოსავლების გადაჭარბებულ მოლოდინებს, რომელთა გამართლებაც შესაძლოა გართულდეს. რეგულატორი ასევე მიუთითებს, რომ ბაზარზე უფრო იაფი მოდელების გამოჩენამ შესაძლოა დღევანდელი ლიდერების პოზიციები შეასუსტოს.
ამასთან, ხელოვნურ ინტელექტზე გაწეული ხარჯები კომპანიების მიერ გენერირებულ ფულად ნაკადებს აჭარბებს, რის გამოც ამერიკული ტექ-გიგანტები სესხებს რეკორდული ტემპით და სულ უფრო ხშირად ევროში იღებენ. ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, 2026 წლის მეორე კვარტალის ბოლოსთვის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების გარესაბალანსო ვალდებულებებმა $4 ტრილიონს (€3.63 ტრლნ) გადააჭარბა. პარალელურად, ECB პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ ჩიპების მწარმოებლები ხშირად თავად აფინანსებენ იმ მომხმარებლებს, რომლებიც მათ პროდუქციას ყიდულობენ.
ამას გარდა, რეგულატორი ყურადღებას ამახვილებს ამერიკული IPO-ების ბუმზე, რომელიც ეკონომიკის ზომასთან მიმართებით დოტკომის ეპოქის რეკორდული მაჩვენებლის გადაჭარბებას უახლოვდება. ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2026 წელს აშშ-ში IPO-ებით მოზიდული კაპიტალი $212 მილიარდს (€192 მლრდ) მიაღწევს, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი $44 მილიარდს (€40 მლრდ) შეადგენდა.
ცენტრალური ბანკი აფრთხილებს ბაზარს, რომ მსგავსი მასშტაბური განთავსებები ხშირად ბაზრის პიკს ემთხვევა და გაუთვლელ რისკებს ნაკლებად ინფორმირებულ მყიდველებზე, მათ შორის საცალო ინვესტორებზე ანაწილებს.
























