მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები - რა დაგიჯდებათ ცხოვრება?

64397c77b7e25
ლიკა მეგუთნიშვილი
16.04.23 22:00
8154
Expatistan-ის ცხოვრების ღირებულების ინდექსისა და Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, Go visa free ევროპის 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის რეიტინგს აქვეყნებს.

ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარიის ქალაქი - ციურიხი იკავებს. ათეულში შვეიცარია 4 ქალაქით არის წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყანაა მსოფლიოში. თუკი ციურიხში ჩასვლას გადაწყვეტთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იქ ნამდვილ ევროპულ თავგადასავალში აღმოჩნდებით, თუმცა ეს თავგადასავალი იაფი ნამდვილად არ დაჯდება. ქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის დაქირავება 1,952 ევროდან, ქალაქგარეთ კი - 1,525 ევროდან იწყება. კომუნალური მომსახურების მინიმალური თანხა 246 ევროა, ინტერნეტის - 50 ევრო, ხოლო ყველაზე იაფ რესტორანში ერთი კერძის ღირებულება 26 ევროდაა იწყება.

რეიტინგში მეორე პოზიციაზე შვეიცარიის კიდევ ერთი ქალაქი, მნიშვნელოვანი საფინანსო და დიპლომატიური ცენტრი ჟენევა ხვდება. ჟენევა ცხოვრების ხარისხით ევროპაში ნამდვილად გამორჩეულია, თუმცა ამ ხარისხის მიღება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. შვეიცარიული სტანდარტებითაც კი, ჟენევა ძალიან ძვირად ითვლება, განსაკუთრებით იქ მცხოვრები ემიგრანტებისთვის. ქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის დაქირავებას 2,100 ევროდ შეძლებთ, ქალაქგარეთ კი - 1,750 ევროდ. კომუნალური ხარჯებისთვის მინიმუმ 188 ევრო უნდა გაითვალისწინოთ, ინტერნეტისთვის - 55, ხოლო ჟენევის იაფ რესტორანში ერთი კერძის შესაკვეთად 26 ევრო უნდა გადადოთ.

მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ლონდონია. ინგლისის დედაქალაქი უკვე მრავალი წელია, რაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის რეპუტაციას ატარებს. ლონდონში ცხოვრების ღირებულება განსაკუთრებით მაღალია მათთვის, ვისაც შემოსავალი არა ფუნტ სტერლინგში, არამედ ევროში ან დოლარში აქვს. ქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის დაქირავება 2,150 ევრო ჯდება, ქალაქგარეთ კი მისი ღირებულება 1,565 ევროა. კომუნალური მომსახურების მინიმალური გადასახადი 283 ევროს შეადგენს, ინტერნეტის კი - 34-ს. რაც შეეხება კვებას, ლონდონის ყველაზე ბიუჯეტურ რესტორნებში ერთი კერძის დაგემოვნებას 18 ევროდან შეძლებთ.

რეიტინგში მეოთხე პოზიციას კვლავ შვეიცარიის ქალაქი იკავებს. გამორჩეული სილამაზისა და ელეგანტურობის მქონე ლოზანას, სხვაგვარად სტუდენტების ქალაქსაც უწოდებენ. რაც შეეხება ცხოვრების ხარჯებს, ლოზანას ცენტრში ერთოთახიანი ბინის ქირა მინიმუმ 1,610 ევროთი, ხოლო გარეუბანში მისი ფასი 1,328 ევროთი განისაზღვრება. ლოზანაში ცხოვრებისას კომუნალური ხარჯებისთვის მინიმუმ 296 ევრო უნდა გაითვალისწინოთ, ინტერნეტისთვის 56, იაფ რესტორანში კერძის შესაკვეთად კი 26 ევრო უნდა განსაზღვროთ.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ევროპაში მეხუთე ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ასევე შვეიცარიაში მდებარეობს. გამორჩეული არქიტექტურის მქონე ბაზელი, არა მხოლოდ თვალწარმტაცი ხედებით, არამედ გართობისა და დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობებითაც ცნობილია. რაც შეეხება საცხოვრებელ ხარჯებს, ქალაქის ცენტრში ერთოთახიან ბინას აქ 1,326 ევროდ დაიქირავებთ, გარეუბანში კი ამისთვის 1,150 ევრო დაგჭირდებათ. კომუნალური ხარჯებს თვეში 277 ევროდ დაფარავთ, ინტერნეტისთვის კი ბიუჯეტიდან 52 ევრო უნდა გადადოთ. რაც შეეხება კვებას, ბაზელის იაფფასიან რესტორანში კერძის შეკვეთას 26 ევროდან შეძლებთ.

ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგის ათეულში დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:

დუბლინი

ბინის ქირა €1,653
კომუნალურები- €145
ერთი კერძი რესტორანში - €18

კოპენჰაგენი

ბინის ქირა €1,483
კომუნალურები- €188
ერთი კერძი რესტორანში - €18.83

ოსლო
ბინის ქირა €1,387
კომუნალურები- €219
ერთი კერძი რესტორანში - €19

ამსტერდამი
ბინის ქირა €1,671
კომუნალურები- €228
ერთი კერძი რესტორანში - €18

ტრონჰეიმი
ბინის ქირა €1,157
კომუნალურები- €132
ერთი კერძი რესტორანში - €19,73

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები