2025 წლის ფინანსური ლანდშაფტი ევროპის წამყვანი ბანკების რეკორდული მოგებებით გამოირჩეოდა, რაც ბანკების წარმომადგენელთა სახელფასო პაკეტებზეც პირდაპირ აისახა. 2026 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული წლიური ანგარიშების მიხედვით, მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელების ახალი იერარქია გამოიკვეთა.
სრული ანაზღაურების მონაცემებზე დაყრდნობით, რაც მოიცავს საბაზისო ხელფასს, ფულად ბონუსებსა და გრძელვადიანი სააქციო ჯილდოების რეალურ ღირებულებას, წარმოგიდგენთ ევროპის ხუთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ბანკირს 2025 ფისკალური წლისთვის.
1. შტეფან ბოლინგერი – Julius Baer (შვეიცარია)
ანაზღაურება: €26.43 მილიონი
მართალია, შტეფან ბოლინგერის სახელი გლობალური გიგანტების ხელმძღვანელებზე ნაკლებად ცნობილია, 2025 წელს მან პირველი ადგილი მასშტაბური "სატრანსფერო საკომისიოს" წყალობით დაიკავა. 2025 წლის დასაწყისში, Goldman Sachs-იდან Julius Baer-ში გადასვლისას, ბოლინგერს დაახლოებით 16.3 მილიონი ევრო (14.76 მილიონი შვეიცარიული ფრანკი) გადაუხადეს წინა სამსახურში დაკარგული ანაზღაურების საკომპენსაციოდ.
2. ანა ბოტინი – Banco Santander (ესპანეთი)
ანაზღაურება: €18.54 მილიონი
ანა ბოტინი რჩება ყველაზე მაღალანაზღაურებად ბანკირად ევროზონაში და ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ფიგურად, ვინც ამ სიის სათავეში სტაბილურად იმყოფება. 2025 წელს Santander-ის სარეკორდო წმინდა მოგების (14.1 მილიარდი ევრო) შემდეგ, მისი ანაზღაურება 34.6%-ით გაიზარდა. მისი პაკეტის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი ბანკის აქციების ფასის მატება იყო, რამაც მის წილობრივ ბონუსებს ღირებულება შეჰმატა. როგორც აღმასრულებელი თავმჯდომარე, ის კვლავ იღებს პრემიუმ ანაზღაურებას, რაც ევროპასა და ამერიკაში ბანკის გლობალური საქმიანობის ზედამხედველობას ასახავს.
3. ჩ.ს. ვენკატაკრიშნანი – Barclays (დიდი ბრიტანეთი)
ანაზღაურება: €17.43 მილიონი
Barclays-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც "ვენკატის" სახელითაა ცნობილი, 2025 წელს თავისი სრული სახელფასო პაკეტის თითქმის 30%-იანი ზრდა იხილა. ეს მკვეთრი მატება ძირითადად გრძელვადიანი, შედეგებზე დაფუძნებული სააქციო ჯილდოებით იყო განპირობებული. მართალია, მისი ფიქსირებული ხელფასი შემცირდა (ანაზღაურების პოლიტიკის სტრატეგიული ცვლილების ფარგლებში), თუმცა ცვალებადი ბონუსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაშიც დიდი როლი ითამაშა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ, გაეუქმებინა ბანკირთა ბონუსებზე დაწესებული ლიმიტი, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მოქმედებდა.
4. ჟორჟ ელდერი – HSBC (დიდი ბრიტანეთი)
ანაზღაურება: €16.68 მილიონი
აღმასრულებელი დირექტორის რანგში თავის პირველ სრულ წელს, ჟორჟ ელდერიმ ევროპის უმსხვილესი ბანკის მასშტაბურ რეორგანიზაციას უხელმძღვანელა. მიუხედავად იმისა, რომ ერთჯერადი რესტრუქტურიზაციის ხარჯების გამო გადასახადებამდე მოგება ოდნავ შემცირდა, ბაზრის რეაქცია მის "მოქნილ" ტრანსფორმაციაზე უკიდურესად პოზიტიური იყო - წლის განმავლობაში HSBC-ის აქციები 50%-ით გაიზარდა. ამ შედეგებზე მიბმულმა ზრდამ, ელჰედერის ანაზღაურება 16 მილიონ ევროზე მეტს გაუტოლა, რაც ბანკში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
5. სერჯო ერმოტი – UBS (შვეიცარია) და ანდრეა ორსელი – UniCredit (იტალია)
ანაზღაურება: €16.4 მილიონი
მეხუთე ადგილს კონტინენტური ბანკინგის ორი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყოფს:
სერჯო ერმოტის ანაზღაურება წინა წელთან შედარებით სტაბილური დარჩა, რადგან ის UBS-ში Credit Suisse-ის მრავალწლიან, კომპლექსურ ინტეგრაციას აგრძელებდა. მისი ანაზღაურება შვეიცარიაში პოლიტიკურად სენსიტიურ თემად რჩება, თუმცა ასახავს მის როლს შვეიცარიის ფინანსური სისტემისთვის სტაბილური ტრანზიციის უზრუნველყოფაში.
ანდრეა ორსელმა 2025 წლისთვის 16.4 მილიონი ევრო მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 24%-იანი ზრდაა. ხშირად "საბანკო სფეროს რონალდოდ" წოდებული ორსელი იმ მასშტაბური გარდატეხისთვის დაჯილდოვდა, რის შედეგადაც UniCredit-ის აქციების ფასი ერთ წელიწადში თითქმის გაორმაგდა. მისი პაკეტი მოიცავს 11.8 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს, რომელიც მთლიანად აქციებით გაიცემა და რვა წელზე ნაწილდება.




























