მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპის ყველაზე ცოცხალი დედაქალაქი" - The Times-ი სტატიას თბილისზე აქვეყნებს

The TImes

“ევროპის ყველაზე ცოცხალი დედაქალაქი - რომელიც ის არ არის, რასაც თქვენ ელით” - ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა The Times-ი სტატიას თბილისზე აქვეყნებს და საქართველოს დედაქალაქს ევროპის “შემდეგ ბერლინს” უწოდებს.

Times-ის სტატიაში ჟურნალისტი თბილისის ღამის ცხოვრებაზე, ბუტიკ სასტუმროებზე, საბჭოთა პერიოდის საწყობებში გახსნილ ღვინის ბარებსა და არქიტექტურულ და კულტურულ ისტორიაზე წერს.

“საერთო სამუშაო სივრცეებით, ჰიპერ ჭკვიანური ბუტიკ სასტუმროებითა და საბჭოთა პერიოდის საწყობებსა და საუკუნოვან სასახლეებში გახსნილი ნატურალური ღვინის ბარებით თბილისმა, საქართველოს დედაქალაქმა, ბოლო წლებში უკვე შეიძინა “შემდეგი ბერლინის” რეპუტაცია მოგზაურებში. მათ ყველგან შეხვდებით - ღამის კლუბად გადაქცეულ საცურაო აუზზე თუ კრაფტ ლუდით ხელდამშვენებულებს ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე.

თუმცა თბილისი მხოლოდ ჰიპსტერებს არ იზიდავს: წარსულში, აბრეშუმის გზის ეპოქის სავაჭრო ჰაბს მონღოლების, ირანელებისა და რუსი მმართველების ხელში გამოუვლია, თითოეულმა კი ქვეყნის კალეიდოსკოპურ არქიტექტურასა და კულტურულ ისტორიაზე თავისი კვალი დატოვა. ქალაქში ვხვდებით შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებს, საბჭოთა არტეფაქტებსა და გზისპირა სასტუმროებს - და როდესაც ურბანული ინფრასტრუქტურით გულს იჯერებთ, საქართველოს დათოვლილი მთები და დროში გაყინული სოფლებიც იქვეა, მოკლე დროის სავალზე”, - წერს The Times.

ბრიტანული გამოცემა მკითხველისთვის თბილისის 48-საათიან ტურს ადგენს, რომელიც ძველ თბილისსა და მშრალი ხიდის დათვალიერებას მოიცავს. სტატიაში ვხვდებით საკვებ ობიექტებსა და გასართობ სივრცეებსაც. აქვეა დასარჩენი ადგილების რეკომენდაციები და გასათვალისწინებელი ფაქტორები: როგორ მოვხვდეთ თბილისის აეროპორტში და როგორ გადავადგილდეთ ქალაქის მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები