2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ანგარიშით 1-1 დაუზავდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი “ჯვაროსანთა” კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც მეტოქეთა დარტყმული 10-ჯერ მოიგერია და ამ ეტაპზე მთლიანად ტურნირზე 15 მოგერიებით პირველ ადგილზეც იმყოფება.
ცხადია მამარდაშვილის ასპარეზობა უყურადღებოდ არ დაუტოვებია უცხოურ მედიასაც, რომელთა ნაწილიც ქართველ გოლკიპერს საერთოდაც ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერადაც მიიჩნევს.
გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის მიხედვით გიორგი მამარდაშვილი, რომ ნახევარ საქართველოზე მეტია გიჟურად სულაც არ ჟღერს. გამოცემა უფრო თამამ განცხადებასაც ავრცელებს და გიორგის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარესაც უწოდებს:
“საფუძველს მოკლებული არ არის ის აზრი, რომ გიორგი მამარდაშვილი ტურნირის საუკეთესო მეკარეა. მან სადამდეც შეძლო იქამდე დაიცვა საკუთარი ნაკრების კარი. მას სასწაული თამაში ჰქონდა. კვარაცხელია მეტოქის მცველებისგან შევიწროებული და იზოლირებული იყო, მეორე ტაიმში კი ზედმეტი უხეშობების ფონზე მწვრთნელმა ის შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ მამარდაშვილი დღეს წვეულების მთავარი მონაწილე იყო” - ნათქვამია გამოცემა AS-ის სტატიაში.
AS-თან ერთად მამარდაშვილს ქება არ დააკლო მადრიდულმა ავტორიტეტულმა გამოცემა Marca-მაც, რომელიც საქართველოს ისტორიული პირველი ქულის აღების მთავარ მიზეზად გიორგი მამარდაშვილს ასახელებს:
“ “ვალენსიას” პირველი ნომერი მთელი თამაშის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე იდგა და არაერთი ურთულესი ბურთი მოიგერია. ეს ყველაფერი, მაშინ როცა მის თანაგუნდელებს თამაშის სადავეები ხელიდან ჰქონდათ გაქცეული და გაშვებული ბურთი მათ თამაშს კიდევ უფრო ქაოსურს გახდიდა” - აღნიშნულია გამოცემა Marca-ში.
ინგლისური პრესიდან კი ქართველ მეკარეს ვრცელი სტატია The Times-მა მიუძღვნა, რომელიც მამარდაშვილისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” სატრანსფერო ურთიერთობაზე წერს:
“ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბები მამარდაშვილის ტრანსფერით მთელი წელი ინტერესდებოდნენ, ჩეხეთთან თამაშმა კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქართველი გოლკიპერი ყველა ტოპ კლუბისთვის დიდებული დანამატი იქნება. “ნიუკასლ იუნატედის” ხელმძღვანელებს მამარდაშვილში 35 მილიონი ევროს გადახდა ებევრებოდათ, მაგრამ ახლა დიდი ალბათობით ნანობენ, რადგან ევროპირველობის დასრულების შემდეგ გიორგის ღირებულება 35 მილიონზე გაცილებით მეტი იქნება” - წერს The Times-ი.
რაც შეეხებათ სხვა გამომცემლობებს, რომლებიც გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურნენ არიან:
Lavanguardia: “მამარდაშვილი ჩეხებთან, როგორც “კოლოსი” ისე იდგა. მეკარე საქართველოს საკუთარი მხრებით მიათრევს”
The Athletic: “გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ყალიბდება. ის ნაკრების ძირითადი ბირთვია”
El Desmarque: “გიორგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მასში 60 მილიონის გადახდაც კი იაფი თანხაა”
Plaza Deportiva: “ჩეხეთის ნაკრები ფრეზე მეტს იმსახურებდა, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა საკუთარ სამშობლოს ოცნება შეუნარჩუნა”
Goal: “მეკარეობის მასტერკლასი გიორგი მამარდაშვილისგან. ჯეჯერობით საუკეთესო თამაში მეკარისგან, რაც მიმდინარე ევროზე ვნახეთ”
Independent: “გიორგი მამარდაშვილის ჰეროიკულმა პერფორმანსმა, მას მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოუტანა”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით თამაშს 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ 23:00 საათზე გამართავს.