მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულ და ქართულ კანონებს შორის დიდი განსხვავებებია, მინისტრს ვურჩიე გადახედოს - რაზე ესაუბრა ევროკომისარი დარჩიაშვილს?

იუროვა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვა აცხადებს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განიხილა NGO-ების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონია, ასევე LGBTQ ადამიანების მდგომარეობა და ამ მიმართულებით ინიცირებული ცვლილება.

ევროკომისარმა ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა კომენტარი.

დარჩიაშვილთან შეხვედრაზე კითხვის საპასუხოდ, ვერა იუროვამ თქვა, რომ მინისტრს ურჩია გადახედოს, როგორც რეგულირდება დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი ევროკავშირში, რადგანაც, მისი განმარტებით, ქართულ და ევროპულ კანონებს შორის დიდი განსხვავებებია. მათ შორის ის, რომ ევროკავშირის შემთხვევაში არ მიემართება კონკრეტულ სუბიექტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამასთან, არ ხდება იარლიყის მიკერება.

„ვფიქრობ, მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რომ ევროპული კომისია დაჟინებით მოითხოვს მტკიცე სასამართლო და პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს ორგანიზებული დანაშაული, ანტიკორუფციული სქემები და ა.შ. მას არ გაუკვირდა ჩემი მხრიდან კიდევ ერთხელ იმის მოსმენა, რომ ეს არის მთავარი, რაზეც ორიენტირებული ვართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ NGO-ების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები, LGBTQ ადამიანების მდგომარეობა და ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილება. რა თქმა უნდა, ჩემი მოვალეობაა, ასეთ სიტუაციებში მინისტრებს ვუთხრა, რომ შესაძლოა გარკვეული რაღაცების გაკეთება ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევა იყოს. ჩემი აზრით, საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთი უმცირესობების დაცვას, როგორიც არის LGBT ადამიანები და არ გააღოს კარი დისკრიმინაციისთვის ან უხეში რიტორიკისთვის.

NGO-ებზე კანონთან დაკავშირებით, ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დემოკრატიის დაცვის დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიკერება NGO-ებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა სახის ლობირებას აკეთებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონებს შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა NGO-ები. პირველი, საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე და მეორე, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავებები“, - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 29 აპრილს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით პრესრელიზი გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამ, სადაც ნახსენები არაა, რომ მხარეებმა უმცირესობების უფლებებზეც ისაუბრეს, ასევე არაფერი წერია ვერა იუროვას კრიტიკულ შეფასებებზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ "მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები