მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ენერგეტიკული რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს - გია არაბიძე

გია არაბიძე

ევროპული ენერგეტიკული რეფორმები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს - ასე ეხმაურება ენერგეტიკოსი გია არაბიძე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს 2025 წლის იმპლემენტაციის ანგარიშს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს. მთავარ გამოწვევად რჩება ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის ფუნდამენტური მოთხოვნების შესრულება.

გია არაბიძის თქმით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი რეფორმები მნიშვნელოვნად შეფერხდა, ბაზრის გახსნის არაერთხელ გადადებას უკავშირდება.

“ვფიქრობ, რომ არ ვიყავით სრულფასოვნად ბაზრის გახსნისთვის მზად, არ იყო ქვეყანა მზად. ვერ გავაკეთებდით, ვერ მივიყვანდით ბოლომდე, იმიტომ, რომ არ არის ეს იოლი გასაკეთებელი როდესაც, ფაქტობრივად, გამხოლოებულ რეჟიმში ვმუშაობთ. გვერდით არავინ არ გვყავს ისეთი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. ყოველდღიურ საბითუმო ბაზარს, გადადინებას, სიხშირის შენარჩუნებას, საკმაოდ სერიოზული მეზობლები, ერთიანი ქსელი სჭირდება. ჩვენ პარალელურ რეჟიმში მუშაობა მხოლოდ რუსეთთან შეგვიძლია. თურქეთთან ვერ მუშაობ, ირანთან ვერ მუშაობ. ესეც საკმაოდ სერიოზულად მოქმედებს ჩვენი ბაზრის გახსნაზე. თურქეთს თავისი სპეციფიკა აქვს, ირანს თავისი ბაზარი აქვს.

ამიტომ, მეტი ვერ შევძელით. ამიტომ ჯობს, ცოტა უფრო ნელი ტემპით ვიმუშაოთ, რომ სრულფასოვნად გავხსნათ ბაზარი. ნახევრად გახსნილ ბაზარს ჯობია, რომ საერთოდ არ გქონდეს გახსნილი” - ამბობს გია არაბიძე.

გარდა ამისა, რეფორმებში ჩამორჩენას გია არაბიძე რამდენიმე გარემოებას უკავშირებს. მათ შორისაა COVID-19-ის პანდემია, ჰესების მშენებლობის შეჩერება და შენელება, რომელმაც ქვეყნის საინვესტიციო გარემო დააზიანა. ასევე, შეწყვეტილი ფინანსური დახმარება ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნებიდან და გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობები ევროკავშირთან.

თუმცა, ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ რეფორმების გაგრძელება ქვეყნის ინტერესშია და ნელი ტემპის მიუხედავად, მისი გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის.

„ეს რეფორმები ევროკავშირისთვის არ კეთდება. ეს რეფორმები კეთდება ჩვენთვის, საქართველოს ენერგეტიკისთვის, ამიტომ გაგრძელება აუცილებელია. რეფორმები აუცილებლად მივა ბოლომდე, თუმცა გარე დახმარების - ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე, ამას მეტი დრო დასჭირდება” - ამბობს გია არაბიძე BMG-სთან.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს 2025 წლის იმპლემენტაციის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის ფუნდამენტური მოთხოვნების შესრულება. ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს შემდეგი რეფორმები:

  • ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) სრული გამიჯვნა (unbundling).

  • საბალანსო ბაზრის გახსნა და საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია.

  • გაზის სექტორში გადამცემი (TSO) და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების (DSO) სრული გამიჯვნა.

  • გაზის ბაზრის კონცეფციის დიზაინისა და საბალანსო წესების იმპლემენტაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები