მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული გარეგნობის ხალხს რომ ხედავენ, ტურისტი ჰგონიათ... ის უკვე ჩასახლებულია - რესტორატორთა ასოციაცია

64bec75c36e3c
ალა ისპირიანი
24.07.23 22:35
3031
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკით, პირველ ორ კვარტალში საქართველოს 2,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებლების 74%-იან აღდგენას წარმოადგენს. მეორე კვარტალში კი ქვეყანას 1,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

ტურიზმის ბიზნესი ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ რეალობისგან, რაც ტურიზმის სფეროში დღეს არის.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ამბობს, რომ ევროპული გარეგნობის ხალხი, რომელიც დღეს დედაქალაქში მოძრაობს უკვე საქართველოში ჩასახლებულია და ის ტურისტად არ ითვლება.

„შარშან კორონას პერიოდში უფრო დიდი ნაკადი არსებობდა ტურისტის, ვიდრე წელს, აღარ ვსაუბრობ 2019-2018 წლებზე - ამ წლებში ბევრად მეტი ტურისტი იყო. აქ რომ ხედავენ ევროპული გარეგნობის ხალხს ტურისტი ჰქონიათ - ის ტურისტი არ არის, ის არის აქ პერმანენტულად მაცხოვრებელი, უკვე ერთი ან ორი წლით ჩასახლებული.

ამის ხარჯზე ვიღაცას ჰქონია, ტურიზმი ყვავის, მაგრამ დღესდღეობით ტურიზმი ნამდვილად არ ყვავის და რის ხარჯზეა ეს გრანდიოზული ციფრები მე არ ვიცი. შეიძლება დათვლის მეთოდები აქვთ სხვანაირი. ამ ქუჩაზე, ახლა ლესელიძეზე ვიმყოფებით, მიტინგივით დადიოდა ტურისტები შარშანაც კი წელს ფაქტია, არ არიან“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ითვლის და სტატისტიკა უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს მოიცავს.

ჯერჯერობით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩაშლილი სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით არ გამოუქვეყნებია, თუმცა პირველ და მეორე კვარტალში ძირითადად საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან სტუმრობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები