მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული გზა შეუქცევადი პროცესია, ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება არავის აქვს" - ზვიად ჭუმბურიძე

ზვიად ჭუმბურიძე

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებული პროცესი, ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული პროპაგანდის გავლენა და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები - ამ თემებზე "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" (EUGBC) გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანი ეპოქალური მნიშვნელობისაა და მისი გადახედვის უფლება არცერთ ხელისუფლებას არ გააჩნია.

"ანალიტიკას" ეთერში ზვიად ჭუმბურიძე ხაზს უსვამს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიაა, ხოლო საუბრები ეროვნული იდენტობის დაკარგვაზე, საფუძველს მოკლებულია.

"სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც სჭირდება მუდმივი შეხსენება და განმარტება, თუ რისთვის გვჭირდება საქართველოს ევროპული გზა და რატომ ვხედავთ ქვეყანას სწორედ ევროპის კონტინენტის სივრცეში. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო - ეპოქალური გადაწყვეტილებაა და ამის რევიზიის უფლება არავის აქვს: არცერთ ხელისუფლებას, არცერთ მთავრობას, ვინაიდან ხალხის ნება უზენაესია.

ხშირად მესმის განცხადებები, რომ ჩვენ თვითმყოფადობას ან ტრადიციებს დავკარგავთ; არაფერსაც არ დავკარგავთ - რაც გენეტიკურად გვაქვს, ამას ვერავინ შეცვლის და ვერავინ წაგვართმევს. ევროპის კონტინენტი არის ყველაზე სტაბილური, ყველაზე დაცული ადგილი, სადაც ადამიანის უფლებები რეალურად არის დაცული და ჩვენც სწორედ ეს გვინდა," - აცხადებს ჭუმბურიძე.

EUGBC-ის გენერალური მდივნის თქმით, ევროპული სახელმწიფოებრიობისა და სტაბილური ეკონომიკური გარემოს ჩამოსაყალიბებლად ქვეყანას სამი ძირითადი ფუნდამენტის განმტკიცება სჭირდება, რაც პირდაპირ კავშირშია ბიზნესის განვითარებასთანაც.

"ადამიანის უფლებების დაცვა სამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე გადის, რომელიც, სამწუხაროდ, დღესდღეობით სათანადოდ არ გვაქვს დაფუძნებული. ეს არის თავისუფალი არჩევნები, რომელიც პრაქტიკულად 35 წლის თავზე არ გაგვაჩნია ქვეყანაში და როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ თავისუფალი არჩევნები არ ტარდება, ყოველთვის ილახება თუნდაც ერთი ამომრჩევლის უფლებაც კი.

მეორეა თავისუფალი სასამართლო, რომელიც არის ფუნდამენტი არჩევნებისთვის, ზოგადად დემოკრატიისთვის და საზოგადოების განვითარებისთვის. თუ გაქვს დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო, შენ შეძლებ ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ადამიანის უფლებების დაცვას და სტაბილური განვითარების პროცესის შეგრძნებას. მესამე კი თავისუფალი სიტყვაა. აი, ამ სამ ფუნდამენტზე - არჩევნებზე, სასამართლოსა და თავისუფალ სიტყვაზე დგას ევროპული დემოკრატია. სხვა მეტი ჩვენ არაფერი გვინდა, დანარჩენ განვითარების პროცესს, ბიზნეს მიმართულებებსა და ინვესტიციებს თავადვე ვუშველით, თუ ამ სამ ფუნდამენტურ განზომილებას გავითავისებთ", - ამბობს ჭუმბურიძე.

ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით, ბოლო პერიოდში პარტნიორებთან საინტეგრაციო პროცესი პრაქტიკულად გაყინულია, რაც ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის:

"თუ ჩვენ გვინდა საქართველოს ევროპული გზა და ამ ოჯახის ნაწილად გახდომა, მაშინ ყველა ის მოთხოვნა, რაც მათ აქვთ - ტექნიკური რეგულაციები და დათქმები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების (DCFTA) უდიდესი ნაწილია - უნდა შესრულდეს. ჩვენ საკმაოდ დიდი ნაწილი შესრულებული გვაქვს წლების მანძილზე, მაგრამ ახლა ქვეყანაში არის აბსოლუტურად გაუგებარი სტატუს-კვო ევროკავშირთან მიმართებაში. პროცესი გაჩერებულია.

აქ აღარ არის საუბარი დათქმების შესრულებაზე ან თავისუფალ ვაჭრობაზე; პროცესი შეჩერებულია, რადგან ხელისუფლება აცხადებს, რომ შეიძლება არც დაგვჭირდეს ევროკავშირში გაწევრიანება. სუვერენიტეტი არის თავისუფლება, რომლის ფასიც საქართველომ რუსეთთან 240-წლიანი ბრძოლით კარგად იცის. საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, გვინდა თუ არა ამ ევროპული სივრცის ნაწილი გავხდეთ".

EUGBC-ის ხელმძღვანელი "ანალიტიკას" ეთერში მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა შეუქცევადია, ხოლო რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივის ძიება ისტორიულ რეალობას ეწინააღმდეგება.

"მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ხოლო დარჩენილი 30%-დან ბევრს რეალურად მაინც ევროპაში სურს უძრავი ქონების შეძენა, განათლების მიღება, ევროპული ტრანსპორტით სარგებლობა და დასვენება. ეს მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის - თუ გვინდა ჩვენი შვილების მომავალი და წარმატება, ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული განზომილების ნაწილი, თუმცა ჩვენი გენეტიკური კოდითა და ტრადიციებით, რასაც საფრთხე არ ემუქრება.

ამ გამოწვევების ფონზე, რუსეთის სპეცსამსახურები და პროპაგანდა ისე ეფექტიანად მუშაობენ, როგორც არასდროს. თუმცა, თავად რუსეთი გეოპოლიტიკურ კრახს განიცდის - მათ სამუდამოდ დაკარგეს უკრაინა და კარგავენ სამხრეთ კავკასიასაც, სადაც ორ საუკუნეზე მეტია სამხედრო და ფინანსური რესურსი შეალიეს. თუ გვინდა საქართველოს ნორმალური განვითარება, ეს მხოლოდ ევროპულ განზომილებაშია შესაძლებელი და არა რუსეთთან," - აღნიშნავს ზვიად ჭუმბურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები