მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპული ქვეყნები გრენლანდიაში სამხედრო პერსონალს გზავნიან - რა ეტაპზეა ტრამპის მოლაპარაკებები?

გრენლანდია ტრამპი

ევროპულმა ქვეყნებმა გრენლანდიაში სამხედრო პერსონალის მცირე ჯგუფების გაგზავნა დაიწყეს. დანია და მისი მოკავშირეები ემზადებიან წვრთნებისთვის, რომლის მიზანიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დარწმუნებაა კუნძულის უსაფრთხოებაში, იმ ფონზე, რომ ტრამპი გრენლანდიის ტერიტორიის შეძენას ცდილობს - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ოთხშაბათს აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიაში ოფიციალური პირების შეხვედრა გაიმართა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა თავიდან აიცილეს საჯარო დაპირისპირება, დავის სწრაფი გადაჭრის გზა ვერ მოიძებნა.

გრენლანდია და დანია აცხადებენ, რომ კუნძული არ იყიდება, ძალის გამოყენების მუქარა კი დაუფიქრებელია. ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს დანიას და გააფრთხილეს ვაშინგტონი, რომ აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის სამხედრო გზით ხელში ჩაგდება ნატოს დასასრულს ნიშნავს.

გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ გზავნიან სამხედრო პერსონალს, რათა დაიწყონ მზადება წლის ბოლოს დაგეგმილი უფრო ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უახლოეს კვირებში მოკავშირეები შეიმუშავებენ გეგმას, თუ როგორ განხორციელდეს არქტიკაში გაზრდილი სამხედრო წარმომადგენლობა.

საკითხზე განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. სოციალურ ქსელ X-ში ღამით გამოქვეყნებულ პოსტში მაკრონიმ განაცხადა, რომ ფრანგი სამხედროების პირველი ჯგუფი უკვე მიემართება გრენლანდიისკენ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში, რომელსაც დანია და გრენლანდია უწევენ ორგანიზებას.

"დანიის თხოვნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფრანგეთი მონაწილეობას მიიღებს დანიის მიერ გრენლანდიაში ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში. ფრანგული სამხედრო შენაერთების პირველი ნაწილი უკვე გზაშია. სხვები მათ მოგვიანებით შეუერთდებიან", - წერს მაკრონი X-ზე

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინფორმაციით, გრენლანდიაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 57 000 ადამიანს შეადგენს, ამჟამად 200-მდე ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული.

Reuters-ის ცნობით, ევროპული ძალების საწყისი მობილიზაცია მცირემასშტაბიანია:

  • გერმანია: გზავნის 13-კაციან სადაზვერვო ჯგუფს.
  • შვედეთი: 3 ოფიცერი.
  • ნორვეგია: 2 ოფიცერი.
  • საფრანგეთი: 15 სამთო სპეციალიტი, რომელსაც მოგვიანებით საჰაერო და საზღვაო ძალები დაემატება.
  • დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები: თითო ოფიცერი.
  • პოლონეთმა სამხედროების გაგზავნაზე უარი განაცხადა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კუნძულს არ სურს იყოს აშშ-ის მმართველობის ქვეშ ან საკუთრებაში და ის დარჩება დანიისა და ნატოს ალიანსის ნაწილად.

"ახლა არ არის შიდა დისკუსიების დრო. ახლა ერთიანობის, სიმშვიდისა და პასუხისმგებლობის დროა," - განაცხადა ნილსენმა.

საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მინერალებით მდიდარი კუნძული აშშ-ის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აშშ უნდა ფლობდეს გრენლანდიას, რათა თავიდან აიცილოს მისი ოკუპაცია რუსეთის ან ჩინეთის მხრიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "ყველა ვარიანტი განიხილება". ტრამპი მიიჩნევს, რომ დანიას არ შეუძლია არქტიკულ რეგიონში რუსული და ჩინური გავლენების შეკავება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატოს განცხადებებს მოსკოვისა და პეკინის მხრიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ "მითი" უწოდა, რომელიც ისტერიის გაღვივებას ისახავს მიზნად. თუმცა, მოსკოვმა ასევე გააფრთხილა დასავლეთი, რომ არქტიკაში რუსეთის ინტერესების იგნორირება უპასუხოდ არ დარჩება. ამ ეტაპზე გრენლანდიის სანაპიროებთან დიდი რაოდენობით ჩინური და რუსული გემების გადაადგილების მტკიცებულებები მწირია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები