კომპანია „რუმს ჰოტელის“ დირექტორის ვალერი ჩეხერია ევროპელი ტურისტების მოზიდვის აუცილებლობასა და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მარკეტინგული აქტივობის ნაკლებობაზე საუბრობს. BM.GE-სთან ტურიზმში არსებული დღევანდელი მდგომარეობის შეფასებისას ის ამბობს, რომ დარგის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით გააქტიურება მნიშვნელოვანია.
სტუმარმასპინძლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე Rooms-ის სასტუმროების დირექტორი ამბობს, რომ დღეს მათ სასტუმროებში ევროპელი ტურისტები ფაქტობრივად არ არიან.
„ევროპელი ტურისტების შემცირებაზე პირველ რიგში უკრაინის ომი მოქმედებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელ მომხმარებელს ვუთხრათ, რომ საქართველოში სიმშვიდეა და ამისთვის აქტიური მარკეტინგია საჭირო. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ აქტიურად ვიღებთ ტურისტებს და ამ კუთხით მარკეტინგული აქტივობის ნაკლებობას ვხედავ.
ჩვენ ამერიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი ვართ და ამ ბიზნესგაერთიანების წევრი კომპანიები, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით ვმუშაობთ, ვთანხმდებით, რომ საჭიროა დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით აქტიურობა. რათა დავანახოთ მათ - რა პოტენციალი გვაქვს და რისთვის უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.
2019 წლამდე არსებული სტრატეგია დღეს აღარ მოქმედებს. მოგზაურს სხვა სტრატეგია სჭირდება, სხვა პროდუქტები უნდათ, როგორიცაა სუფთა ჰაერი, სუფთა საკვები, ხარისხიანი სპა და დეტოქსი და ა.შ. ამ მიმართულებების გააქტიურებაზე ჩვენ აქტიურად ვფიქრობთ და ვმუშაობთ. „რუმს აბასთუმანი“, რომელიც მომავალ წელს უნდა ამოქმედდეს, სრულად ამაზე იქნება მიმართული და მომხმარებელს ამ კუთხით პროგრამებსა და პროდუქტებს შევთავაზებთ“, - აცხადებს ჩეხერია
„რუმს ჰოტელის“ დირექტორი ამბობს, რომ ამ საკითხზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა და უწყება ახალი სტრატეგიაზე უკვე მუშაობს, რომელიც სექტემბერში გასაჯაროვდება.
„მე ვესაუბრე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. ვიცი, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მარკეტინგის ახალ სტრატეგიაზე. სექტემბერში უნდა გაგვაცნონ რომელ ბაზრებზე იქნება მარკეტინგული კამპანიები მიმართული თავისი ბიუჯეტებით. საჭიროა, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევა, რომ მაქსიმალურად გავაპიაროთ ჩვენი ქვეყანა. სექტემბერში სახელმწიფოს ახალი სტრატეგიის წარმოდგენის შემდეგ ჩვენც შესაბამისად დავიგეგმებით“, - აღნიშნავს ვალერი ჩეხერია.