მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული საბჭო მაკრონის, შოლცის და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

ევროპული საბჭო

გრანადაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ევროპულმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ  შეხვედრის მონაწილე ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს მათი მხრიდან სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ურყევ მხარდაჭერას.

ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გაძლიერებას. განცხადების მიხედვით, ისინი შეთანხმდნენ სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზე იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადაადგილების შედეგების წინაშეა.

მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ „ლტოლვილებს უნდა ჰქონდეთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება ყოველგვარი პირობების გარეშე საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ".

განცხადების თანახმად, „ისინი კვლავ რჩებიან ერთგულები ყველა ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების, ერთმანეთის სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობის და ტერიტორიული მთილიანობის (სომხეთის – 29 800 კვადრატული კილომეტრი და აზერბაიჯანის – 86 600კვადრატული კილომეტრი) საფუძველზე, როგორც ეს აღნიშნული იყო პრეზიდენტ მიშელის 2023 წლის 15 მაისის და 15 ივლისის განცხადებებში“.

„ისინი გამოდიან უფრო დიდი რეგიონული თანამშრომლობის და ყველა საზღვრის გახსნის მოწოდებით, მათ შორის სომხეთსა და თურქეთს შორის, ასევე რეგიონული კავშირების გახსნის მოწოდებით ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის სრული პატივისცემის და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე.

ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ სომხეთს და აზერბაიჯანს, გაათავისუფლონ ყველა დაკავებული, ასევე ითანამშრომლონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედის გასარკვევად და განაღმვითი სამუშოების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები