მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა ბიზნესებმა მთხოვეს - ჯონ ხმა აიმაღლე ამ კანონპროექტზე, რადგან ის საფრთხეს შეიცავს - EBA

6403795671ff9
BM.GE
04.03.23 21:00
941
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ინვესტორები უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით უკვე გამოთქვამდენ კითხვებს. ბრეკეველდტის განმარტებით, სწორედ მათი წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა სთხოვეს კანონპროექტებთან მიმართებით მკაფიოდ დაეფიქსირებინა პოზიცია.

ბრეკეველდტი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში მათ “გაჩუმება არ შეეძლოთ”.

“როდესაც მე გადავწყვიტე ხმის ამაღლება ამ კანონპროექტზე, ეს იყო ჩემი წევრი კომპანიების პირდაპირი მოთხოვნა. ამას ჩემგან მოითხოვს 100–ზე მეტი კომპანია, რომლებიც ვაჭრობენ ევროპაში ან პირიქით – ევროპული კომპანიები, რომლებიც საქართველოში ვაჭრობენ. სწორედ ისინი მთხოვენ მე – ჯონ, გთხოვ, ხმა ამოიღე, ჩვენ არ გვინდა ეს კანონი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის საფრთხეს შეიცავს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ყოველთვის ვაცნობიერებ, რომ საჯარო განცხადებები ჩემი საქმე არ არის, ეს პოლიტიკოსების საქმეა – მაგრამ ამჯერად, მოგვიწია უფრო ფართოდ საუბარი და ამას ახლაც კორექტულად ვაკეთებთ.

ბიზნესის გადმოსახედიდან ეს კანონპროექტი აზიანებს ბიზნესს. ეს კანონი აზიანებს საინვესტიციო გარემოს. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ იმისთვის, რომ კარგი ბიზნესკლიმატი შევქმნათ. ჩვენ დღეს ასეთი კანონი არ გვჭირდება. კანონი, რომელიც ინვესტორებს აფერხებს. ინვესტორები უკვე დღეს გვეკითხებიან – გვინდა, საქართველოში ინვესტირება; რა ხდება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით? ეს უკვე გვაზიანებს ჩვენ. როგორც ბიზნესასოციაცია ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. ჩვენ ყველა მთავრობასთან ვთანამშრომლობთ, რომ პრობლემები კერძო–საჯარო დიალოგის ფორმატში გადაწყდეს. და ამ ტიპის კომუნიკაციის კარგი გამოცდილებაც გვაქვს. მაგრამ ამჯერად, ჩვენ, ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს, ამერიკის სავაჭრო პალატას და გერმანიის ასოციაციას გვჭირდებოდა ხმის ამოღება. რადგან ეს კანონი ზიანს გვაყენებს. ეს კანონი არ გვჭირდება. და გაჩუმება არ შეგვეძლო.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები