მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკებმა ამერიკიდან ოქროს რეზერვების გატანა დაიწყეს

ოქრო

მზარდი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და რეგიონული არასტაბილურობის ფონზე, ევროპული ცენტრალური ბანკები ამერიკაში განთავსებული ოქროს რეზერვების ნაწილს ევროპაში აბრუნებენ.

როგორც ირკვევა, პროცესს ბოლო პერიოდში ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი შეუერთდა, რომელმაც მარტიდან აგვისტომდე პერიოდში აშშ-სა და კანადაში დაცული 86 ტონა ოქრო ლონდონში გადაიტანა.

ახალი გადანაწილების შედეგად, ნიდერლანდების კუთვნილი 612.4 ტონა ოქროს რეზერვების 32.1% ამჟამად ლონდონში ინახება, 30.8% უშუალოდ ქვეყნის შიგნით არის განთავსებული, ხოლო ნიუ-იორკსა და ოტავას 18.5-18.5% ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ნაბიჯს წინ საფრანგეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება უძღოდა. უწყებამ ნიუ-იორკში განთავსებული 129 ტონა ოქრო, რაც მისი მთლიანი რეზერვების 5%-ს შეადგენდა, სრულად გაყიდა და შესაბამისი მოცულობის ზოდები ევროპაში შეიძინა. ფრანგული მხარის განმარტებით, ამერიკულ საცავებში არსებული ზოდები ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც მათი ადგილზე გაყიდვა და ევროპაში ახლის შეძენა ტრანსპორტირებასა და გადადნობაზე ეფექტური გზა იყო. ამ ტრანზაქციამ 2025 წელს საფრანგეთს €11 მილიარდის ოდენობის კაპიტალური მოგებაც მოუტანა.

ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია გერმანიამ განახორციელა. 2013-2017 წლებში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ნიუ-იორკიდან 300 ტონა, ხოლო პარიზიდან 374 ტონა ოქრო ფრანკფურტში გადაიტანა, რათა ეროვნული რეზერვების ნახევარი საკუთარ ტერიტორიაზე განეთავსებინა.

ზოგადად, ოქროს რეზერვები ცენტრალური ბანკებისათვის მთავარ ფინანსურ ბუფერს წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობის დროს ღირებულებას ინარჩუნებს. ამ კუთხით ლონდონი გლობალური ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენს, სადაც ინგლისის ბანკში დაცული ოქროს რეალიზაცია ან გადაცვლა კრიზისულ პერიოდში უმოკლეს ვადებში არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები