ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას, რომელიც "საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას" ეხება, მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.
საქართველოში მზარდი პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოხატულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ გავლენა მოახდინა საქართველოში ადგილობრივ დემოკრატიაზე: ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც უარყო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ადგილობრივმა და რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლებმა; ასევე, ეს გაძლიერდა EU-ში გაწევრების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ.
კონგრესის სხდომაზე გამომსვლელებმა მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება და გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაპაუზება.
"ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგან სწრაფი ნაბიჯები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კუთხით, უნდა აღდგეს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე.
გულდასმით უნდა მოხდეს დაკავებების და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გამოძიება. რეკომენდაციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის მზია ამაღლობელი.
2025 წლის არჩევნები სრულად დემოკრატიული კამპანიით უნდა ჩატარდეს. კონგრესი მოუწოდებს ჩატარდეს სრულად კონკურენტული არჩევნები. უნდა მოხდეს ამომრჩევლების დაშინების, ელექტორალური თაღლითობის პრევენცია, მთავარი რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კომისია სრულად დამოუკიდებელი იყოს", - თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.
ამასთან, რეზოლუციაში კრიტიკულადაა აღნიშნული 2024 წლის 28 ნოემბერს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერების შესახებ.
რეზოლუციის წერილში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური სცენიდან ოპოზიციის პროგრესულმა მარგინალიზაციამ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ნაკლებობამ გამოიწვია პოლიტიკური პლურალიზმის დე ფაქტო არარსებობა, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში. ამ ვითარებამ გამოიწვია მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია და აიძულა ოპოზიცია ბოიკოტი გამოეცხადებინა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს, შემცირდა მოლაპარაკებებისა და შუამავლობის სივრცე.
"პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ძალიან საკამათო მიღების შემდეგ, გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება და სტიგმატიზაცია და განსხვავებული ხმები მედიაში, რომლებიც მუშაობენ სულ უფრო რთულ პირობებში, ძირს უთხრის მათ გაერთიანების თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და თუნდაც მასზე საერთაშორისო დისკურსის გავლენა იყოს", - წერია რეზოლუციის ტექსტში.
რეზოლუციაში აღინიშნება, რომ ნაკლოვანებებმა და გამოწვევებმა დააზიანა დემოკრატია, რაც ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ნდობით გამყარებულ გარემოში ჩატარებას და რეალურად ვითარების გამწვავების რისკს შეიცავს.