ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭო იმეორებს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ამის შესახებ საუბარია გაფართოების შესახებ დასკვნებში, რომელიც ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭომ 17 დეკემბერს დაამტკიცა.
ამასთან, დასკვნებში გამოთქმულია წუხილი საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის განცხადებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.
ზოგად საქმეთა საბჭო იმეორებს ევროკავშირის სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის ქმედებებზე, მათ შორის "რუსულ" თუ სხვა კანონმდებლობებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და უკუსვლაა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ ნაბიჯებთან მიმართებით.
საბჭო იხსენებს, რომ როგორც 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, მთავრობის ქმედებების მსგავსი კურსი უთხრის ძირს საქართველოს ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია.
საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების და პოლიტიკოსების მიმართ.
"საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცენ",- წერია ანგარიშში.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ასევე, ხაზს უსვამს 9 ნაბიჯის შესრულების საჭიროებას.
საბჭო ღრმად არის შეშფოთებული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით უკუსვლის გამო.
"საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის, ასევე LGBTI პირების უფლებების ჩათვლით",- აღნიშნულია ანგარიშში.
საბჭო აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ანგარიშში საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე. კერძოდ, საბჭო შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც არჩევნებში ნაკლოვანებებსა და უაღრესად პოლარიზებული გარემოზე მიუთითებს. საბჭო მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, გამოიძიოს და აღმოფხვრას საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ასევე აღნიშნავს, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა ცხრა ნაბიჯის ნაწილის ნაწილია.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია.
საბჭო წუხს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უკუსვლის და ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდი ნაკლებობის გამო. აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ჯერ კიდევ საჭიროა.
ეკონომიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს მომზადების ზომიერ დონეს და შეზღუდულ პროგრესს ფუნქიონირებადი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში. საბჭო მიესალმება ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გაგრძელებას და მოუწოდებს საქართველოს გააძლიეროს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და სხვა აუცილებელი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ჩათვლით, გადაჭრას თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხი და უზრუნველყოს ძირითადი უფლებების მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საბჭო იმეორებს თავის ძლიერ მოლოდინს, რომ საქართველო არსებითად გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და შემაკავებელ ზომებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანისთვის, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის პოზიციების საწინააღმდეგო ქმედებებისგან და განცხადებებისგან. მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების თავიდან არიდების პრევენციისთვის.