„ისტორიული გამოცდილება მიუთითებს, რომ დიდწილად ევროპული საბჭო ყოველთვის ცდილობს გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაციები, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც,“- ამის შესახებ EPRC-ის მკვლევარმა ზაზა შენგელიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ისინი გასცემენ რეკომენდაციას საქართველო გახდეს EU-ს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა აღინიშნა, რომ უფრო მეტი პროგრესია საჭირო იმ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რაც გასულ წელს განისაზღვრა.
ზაზა შენგელიას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეასრულებს ევროკომისიის დათქმებს, ევროსაბჭო დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მიიღებს.
„კარგია, რომ ევროკომისიამ გადაწყვიტა საქართველოსთვის გაეხსნა გზა წინსვლისთვის, მაგრამ ამას დაერთო დათქმები, რომელიც ითვალისწინებს დიდი ნაწილს იმ 12 რეკომენდაციებისა, რომელიც იყო გადმოცემული. ევროკომისიამ ჩათვალა, რომ ამ ვითარებაში, როგორც გეოპოლიტიკურ განზომილებაში საჭირო იყო საქართველოსთვის დადებითი შეფასების მინიჭება, რომელსაც ევროკომისია წარუდგენს ევროპულ საბჭოს. 15 დეკემბერს შეიკრიბება ევროპული საბჭო, სადაც უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ისტორიული გამოცდილება მიუთითებს იმას, რომ დიდწილად ევროპული საბჭო ყოველთვის ცდილობს გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაციები, შეფასებები, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. გამონაკლისების გამომწვევი მიზეზები არის ძირითადად პოლიტიკური მიზეზები, რომელსაც მეტი წონა აქვს ამ შემთხვევაში, ვიდრე ევროკომისიის რეკომენდაციებს. მთავარი კითხვაც აქ არის. იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ შეასრულებს ამ დათქმებს, რაც მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ექნება, თუ რამდენად პოლიტიკურად მიზანშეწონილად ჩაითვლება საბჭოს მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა“,- აცხადებს შენგელია.
იმ შემთხვევაში თუ დეკემბერში საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ ეტაპზეც არსებობს გარკვეული რისკები, შეიცვალოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების განწყობა გაფართოებასთან დაკავშირებით.
"თუ მივიღეთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, შეიძლება ჩაითვალოს რომ ერთი ეტაპი გადავლახეთ, შემდეგი ეტაპი იქნება მოლაპარაკებების დაწყება გაწევრიანებაზე. ეს ეტაპი 2030 წლამდე უნდა გავიაროთ, რომ ეს თარიღი იყოს წყალგამყოფი.
ეს შესაძლებლობა არ არის ხელიდან გასაშვები. არსებობს რისკი, ეს მიდგომა შეიცვალოს. 2024 წლის ივნისში გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნები, რა შედეგებს მოიტანს არ ვიცით, არსებობს რისკები შეიცვალოს როგორც შემადგენლობა, ისე განწყობა გაფართოების მიმართ, ამიტომ მიზანშეწონილია ჩვენ შევხვდეთ მაქსიმალური მიღწევებით“,- აცხადებს ზაზა შენგელია.